შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
"მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.
შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები 22-ე დღეა გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, მაშველები 2 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.