გიორგი ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.
კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.