ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული პროცედურა სააგენტომ შეაჩერა - კომპანია გადაწყვეტილებას ეხმაურება

16 ივნისი 2023, 14:49 684 ნახვა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოების ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

მათივე განმარტებით,სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სააგენტოში წარდგენილი იქნა - შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ქ.ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის სკოპინგის ანგარიში. 

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უწყებამ კომპანიის მიერ 2023 წლის 29 მაისის სკოპინგის განცხადება განიხილა, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობას ეხება და აცნობა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

"დოკუმენტის წარმოდგენის საფუძვლად მითითებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის მე-9 პუნქტის 9.13 ქვეპუნქტი („ნაპირდაცვითი და სანაპირო ზოლის ეროზიის შესაკავებლად ან/და სანაპირო ზოლის აღდგენის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოები, აგრეთვე საზღვაო სამუშაოები, რომლებითაც შეიძლება სანაპიროს შეცვლა მშენებლობის მეშვეობით”).  სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ქ. ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობას, რომლის ფართობი შეადგენს 108.5 ჰექტარს.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის მე-9 პუნქტის 9.13 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან ერთად, დაგეგმილი საქმიანობა ასევე, წარმოადგენს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის პირველი პუნქტის 1.7 ქვეპუნქტით („ზღვის ფართობის ათვისება, ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და ა. შ. შექმნა”) და მე-9 პუნქტის 9.2 (10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი) და 9.5 (საზღვაო ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი 1 ჰექტარზე მეტია) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებას საჭიროებს სკოპინგის განცხადების წარმოდგენის საფუძველი. ასევე, დაგეგმილი საქმიანობის დასახელება თანხვედრაში უნდა იყოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ საქმიანობებთან;

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, კუნძულის მოწყობა გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიაში 108,5 ჰა ფართობის ტერიტორიაზე, ასევე დოკუმენტში მითითებულია, რომ საპროექტო არეალის  საერთო ფართობია 144,32 ჰა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული უნდა იქნეს 144,32 ჰა ტერიტორიის ათვისების საჭიროება;

shp ფაილებში ასახულია მხოლოდ 144,32 ჰა ტერიტორიის პოლიგონი. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური კუნძულის და ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობა, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნეს უშუალოდ საპროექტო კუნძულის და ნახევარკუნძულების shp ფაილები;

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ნახევარკუნძულების და კუნძულის ზღვის ტალღების ზემოქმედებისგან დასაცავად, გათვალისწინებულია 3 დამცავი მოლოს მოწყობა. აღნიშნული მოლოები ასახული უნდა იყოს shp ფაილებში;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული საკითხების გათვალისწინებით, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ"- ნათქვამიას უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების შეჩერებისა და დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებას ეხმაურება.

კომპანიის იურისტის განმარტებით, ეს არის პროცედურული საკითხი და არა შინაარსობრივი, რადგან საინჟინრო და კონსტრუქციულ მხარესთან დაკავშირებით არანაირი ხარვეზი არ არის დადგენილი.

„ბევრად უფრო მარტივად არის საკითხი ვიდრე ჟღერს. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად, დამატებით მოთხოვნილი იქნა ორი მარტივი დოკუმენტი,  მიზნობრიობის დასაბუთება და ამ მხრივ  კომპანია წარადგენს თვითონ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებულ საპრივატიზებო ხელშეკრულებას. რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, კომპანიის მიერ წარდგენილი იყო, მთლიანი მიწის shp ფაილი და გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მიგვითითა, რომ დამატებით წარმოდგენილი იქნეს, კუნძულის საზღვრების აღმნიშვნელი shp ფაილი. ეს არის მარტივად შესავსები საკითხი, ჩვენ უკვე საპროექტო  ორგანიზაციას ველაპარაკეთ, ამ დოკუმენტებს გამოგვიგზავნიან და  ველოდებით, რომ მაქსიმუმ ერთ კვირაში ამ დოკუმენტაციას შევავსებთ", - აცხადებს გოჩა კამკია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი