აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ხმაურის ფონზე დაახლოებით რვა საათი გაგრძელდა. თორნიკე რიჟვაძემ დეპუტატებს გაწეული ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მთავრობის თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციით დახვდნენ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია გუშინ დარბაზში დაბრუნდა, მათ რეგიონის პირველ პირთან კითხვები ჰქონდათ.
არაერთხელ ახსენეს გარდაცვლილი საკრებულოს არჩეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტი, რაზეც პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და თორნიკე რიჟვაძეს აკისრებენ.
ოპოზიციამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძემ ქართული ოცნების ნარატივი გააგრძელა, არ უსაუბრია მოსახლეობის საჭიროებებზე.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენება იყო ყოვლისმომცველი, აქცენტი გაკეთდა იმ პრობლემებზე, რომლებიც ხელისუფლებამ მოაგვარა.