ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პატარა პაციენტებსაც მიიღებს. კლინიკის ბაზაზე ამოქმედდა პედიატირიული დეპარტამენტი. ბავშვებს სამედიცინო მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით გაუწევენ. იმუშავებს ემერჯენსი - გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
ასევე იქნება ზოგადი პედიატრია, კარდიორევმატოლოგია, ნეფროლოგია, ალერგოლოგია, ნევროლოგია, ტოქსიკოლოგია, გასტრო-ენტეროლოგია, ბავშვთა ინფექციები, ზოგადი ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია. უახლოეს მომავალში გაიხსნება ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება. სტაციონარი გათვლილია 50 საწოლზე.
პირველი პაციენტი კლინიკამ უკვე მიიღო. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ბავშვთა განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
პედიატრიული დეპარტამენტი კლინიკას ათობით წელია არ ჰქონია და მისი გახსნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე და ასევე როგორც ზაფხულის ისე ზამთრის ვირუსულ სეზონზე ბავშვთა საავდმყოფოს განტვირთავს, სადაც დღიური მიმართვიანობა 100-ს აღემატება.