უკრაინის ქალაქი ბახმუტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ე.წ დაჯგუფების „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაჯგუფების წევრებმა სრული კონტროლი მოიპოვეს ქალაქზე.
გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სააგენტო “Reuters”-მა დაადგინა გეოლოკაცია და ნამდვილად შეესაბამებოდა ბახმუტის სამედიცინო კოლეჯისა და მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლების ადგილს.
უკრაინული მხარე კონტროლის დაკარგვას უარყოფდა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას დასმულ კითხვაზე არის თუ არა ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ, უპასუხა რომ არა. დაამატა რომ იქ არაფერია დარჩენილი, რადგან ოკუპანტმა ყველაფერი გაანადგურა.
რაც შეეხება ქვეყნის სხვა ქალაქებში არსებულ სიტუაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღეს ოკუპანტმა ქვეყნის მიმართულებით 70-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით.
აღნიშნული ტერიტორიები ბოლო 24-საათში 53-ჯერ დაიბომბა. გენშტაბის ცნობით, მტერი ცდილობს გააძლიეროს ტაქტიკური პოზიციები. ხერსონის ოლქში კი მოქალაქეებს რუსული პასპორტების აღებას აძალებენ, რისთვისაც დაშინებითა და ქონების წართმევით ემუქრებიან.