ბიძინა ივანიშვილის დასჯას იმისთვის ცდილობენ, რომ საქართველოს არ უღალატა, არ დაყვა გარკვეული ძალების ნებას - მამუკა მდინარაძე

02 მაისი 2023, 14:00 860 ნახვა

საქართველოს რომ არ უღალატა და არ დაყვა გარკვეული ძალების ნებას, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ქვეყანა ჩაერთო ომში, ამისთვის ცდილობენ მის დასჯას, მის მიმართ დაწესებულია კონკრეტული დე ფაქტო სანქციები, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები მას შემდეგ დაწესდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო.

„ფაქტობრივი, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე დაწესებულია და ეს სანქციები შეეხება ორ მილიარდ დოლარს. დამატებით კითხვაზე, რატომ ხდება ეს – იმიტომ, რომ სამშობლოს არ უღალატა. ეს არის ყველაზე მოკლე და რეალური პასუხი, რომელიც გამომდინარეობს იმ ინფორმაციებიდან, რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც, ჟურნალისტებმაც, საზოგადოებამაც უკვე კარგად იცის. უამრავი ახალი ამბავი გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რა მეთოდებით ხდება დაბლოკვა ამ თანხების და ეს ხდება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველო ამ ომში არ ჩაერთო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, მდაბიოობაა როცა კოლეგას გვერდზე უზიხარ და მის დასანქცირებას სთხოვ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს.

„განსხვავება ჩვენსა და ჩვენს ოპონენტებს შორის იცით რა არის? ჩვენ ვლაპარაკობთ „ქართული ოცნების“ სახელით და ისინი ლაპარაკობენ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ყველაფერზე ამბობს და რამდენჯერ მოგისმენიათ ეს თქვენც, რომ ქართველი ხალხი გასცემს პასუხს მათ, ისინი ამბობენ, რომ ამერიკელები გასცემენ ამაზე პასუხს, ევროპელები გასცემენ ამაზე პასუხს. ეს, თან სისულელე, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ პოლიტიკოსებს სანქციებს უწესებენ პროცედურული საკითხების გამო. თუ მართლა მივედით ამასთან ეს იქნება მსოფლიო დემოკრატიის უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე სერიოზულად დაიწყო ვიღაცამ მსჯელობა. დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე რომ იყო საუბარი, ამაზე მეტი არ შეიძლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლების იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ 7-9 მარტს გამათული აქციებისას ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი იმის გამო დააკავეს, რომ ის პოლიტიკურ პარტიას ,,საქართველოს ევროპულ მომავალს'' უჭერს მხარს, რაც საქართველოში დასჯადია.

„ამ ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია წარმოიდგინოს, რომ მარტო თვითონ არის ევროპელი, სხვა არის არაევროპელი, დახოცოს ყველა და კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს მოსამართლემ და მკვლელობისათვის არ მიუსაჯოს სასჯელი. სინამდვილეში, მათივე  ენაზე რომ ვთქვათ, საითკენაც ისინი რეალურად საქმეს აკეთებენ, რას აპრავებენ ისინი ამით იცით? ისინი ამართლებენ ამით პოლიციელზე ცეცხლის წამკიდებელს. ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება ცეცხლის წაკიდება და პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ამ ადამიანის გამართლების მცდელობა აქვთ. ახლა კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ და ევროპა აქვთ ამოფარებული და მთელი ცხოვრება ასე ლაპარაკობდნენ და რაც კი გააკეთეს და რა ნაბიჯიც გადადგეს, ყველაფერი რუსული აღმოჩნდა ბოლოს სინამდვილეში“, - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი