ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და მისი პოტენციალის სრულად გამოყენება - ოთარ შამუგია

20 აპრილი 2023, 14:41 431 ნახვა

2022 წლის მდგომარეობით, აგრარულ დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.6 მილიარდი ლარია - ამის შესახებ, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სახელმწიფოს მიერ ინიცირებული, აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული მხარდამჭერი ღონისძიებები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება ახალი ინიციატივებით და, რა თქმა უნდა, იქმნება ახალი  პროგრამები. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.6 მილიარდი ლარია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

შამუგიამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის, აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

„DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, 2015-2022 წლებში, საკანონმდებლო დაახლოების ფორმატში, მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე.

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა, გაიზარდა ტექნიკური და ადამიანური რესურსები. შესაძლებლობების გაზრდამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მასშტაბების ზრდა და ეფექტიანობის გაუმჯობესება; მაგალითად, 10 წლის წინ 500-მდე სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, გასულ წელს, სახელმწიფო კონტროლის რაოდენობამ თითქმის 31 ათასი შეადგინა. მიღებულია რძის, თაფლის, ფრინველის ხორცის, თხილის, სპირტიანი სასმელების, ხილის წვენების, შოკოლადისა და სხვა პროდუქტების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და ფერმერებისთვის ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს 6 მილიონამდე ვეტერინარულ მანიპულაციას, მათ შორის ცხოველების უფასო ვაქცინაციას,“- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში