რიკოთის უღელტეხილზე ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება, რომლის შემდეგაც შეაფასებენ მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობებს - გზების დეპარტამენტი

03 აპრილი 2023, 11:30 695 ნახვა

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მეწყრული უბნის შესწავლის მიზნით, სპეციალისტების მიერ ფერდის კომპლექსური შესწავლა გრძელდება - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი წერეთელმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესწავლის დასრულების შემდეგ შეფასდება მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები. ასევე განმარტა, რომ  რიკოთის უღელტეხილზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იმიტომ აიკრძალა, რომ გზასთან დაახლოებით, 200 მეტრში, თოვლის დნობის შედეგად, ბზარები განვითარდა, რაც შესაძლო მეწყრის ჩამოსვლის საშიშროებას წარმოადგენს.

"30 მარტიდან რიკოთის მონაკვეთზე აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ვინაიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, არსებული გზიდან მოშორებით, დაახლოებით 200 მეტრში, ფერდზე განვითარდა მეწყრული პროცესები. კერძოდ, თოვლის დნობის შემდგომ მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბზარები, რომლებიც ზრდის და მოძრაობის ტენდენციას განიცდიდა, რაც შესაძლო მეწყრის საშიშროებას წარმოადგენს. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, პოტენციური რისკების გათვალისწინებით და ნებისმიერი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძრაობის დროებით შეზღუდვის შესახებ.

მეწყრული უბნის შესასწავლად მოწვეული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სპეციალისტები. დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია და მიმდინარეობს ფერდის კომპლექსური შესწავლა, მიმდინარეობს ტოფოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები, რომელთა დასრულების შედეგად, შესაძლებელი იქნება, ვიმსჯელოთ შემდგომ ნაბიჯებზე და შევაფასოთ სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობები“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა სატრანსპორტო ნაკადებისათვის მოძრაობა დროულად აღდგეს.

"გომი-საჩხერე -ჭიათურის 109 კმ-იან გზას რაც შეეხება, რომელზეც ახლა გადართულია სატრანსპორტო მოძრაობა, აღნიშნული გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გადაადგილებას აფერხებს. ამის გამო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს. გადაწყვეტილება უკიდურესი აუცილებლობის გამო და მგზავრთა უსაფრთხოებისათვის იყო მიღებული. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა დროულად აღდგეს უსაფრთხო გადაადგილება სატრანსპორტო ნაკადებისათვის“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში