ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან პრაქტიკულად ყველაფრის გათვალისწინებას ვაპირებთ, თუნდაც იმიტომ, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს. თქვენ ხომ ხედავთ ომისა და ღალატის პარტიის მხრიდან იმ ნარატივს, რომ არ შეიძლება ამის მიღება. ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია არ შესრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"თუ ვინმე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ უნდა იყოს მიღებული, ანუ ერთ-ერთი რეკომენდაცია არ უნდა შესრულდეს, ჩვენ, პირიქით, ვამბობთ, რომ უნდა შესრულდეს და ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩვენ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს და მივიღებთ კანონს. ეს კანონი რომ იყოს სრულყოფილი, ვენეციის კომისიამ კონკრეტული მითითებები მოგვცა, რისი გათვალისწინების შემთხვევაში ავტომატურად იგულისხმება, რომ კანონი შეიძენს იმ სახეს, რაც დასახული მიზნების აღსრულებას უზრუნველყოფს. ვინც არ უნდა მიმაჩნდეს მე სუბიექტურად, რომელიღაც ჯგუფის დამფინანსებლად, ოლიგარქად და ა.შ. - ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით მიღებული კანონის კრიტერიუმებში თუ არ დაჯდა, მე ან თქვენ, სუბიექტურად რაც არ უნდა გვინდოდეს, ხომ ვერ შევასრულებთ?!“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძეს პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა.
„უკვე სირცხვილია, სერიოზულად ვილაპარაკოთ იმაზე, ილია ჭავჭავაძე ხომ არ აკმაყოფილებს დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებსო. არც ცოდნაა რაღაცების. ბოლო პერიოდში მცდელობას ვხედავ, რომ იმ ადამიანის, რომელიც იყო ჩვენი ისტორიის და იდენტობის განსაკუთრებული ნაწილი და ვისითაც ამაყობს ქართველი ადამიანი, მის გაშარჟებას ცდილობენ. ილია ჭავჭავაძეს ისეთ კონტექსტში ახსენებენ ხოლმე, თითქოს, დადებითში, მაგრამ ისეთ საკითხებზე მოჰყავთ არგუმენტად, მგონია, რომ გაშარჟების მცდელობაა.
არასოდეს ახსენებენ - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რადგან არც მამული აინტერესებთ, არც ენა და მით უმეტეს არც სარწმუნოება. ამ ყველაფერს ებრძვიან და ილიას მხოლოდ ფაქტორად იყენებენ, რომ რაღაც არგუმენტები მოიტანონ. ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებიც კი, მათ შორის „ფრანკლინის სკოლაში“, ახალგაზრდებს თავში რაღაცას რომ უნერგავენ, იქაც ილიას ფაქტორად იყენებენ, ოღონდ, მამულსაც ებრძვიან, ენასაც და სარწმუნოებასაც. მეგრელიშვილმა გააშარჟა. საკუთარ ისტორიას თუ ოდნავ მაინც იცნობ, ასეთი სიგიჟე არ უნდა თქვა და წარსულს ეს ყველაფერი არ უნდა ჰკადრო“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ბოიკოტი არის თავდაცვის მექანიზმი.
"პირველი, ბოიკოტი და 12 რეკომენდაციის შესრულების მიზანი არის ორი ერთმანეთის მიმართ შეუთავსებელი რამ, მეორე - გინდათ სერიოზული ქცევა მოსთხოვოთ ხაბეიშვილი რომ არის თავმჯდომარე იმ პარტიას და ესეც შეუთავსებელია - სერიოზული ქცევა და ხაბეიშვილი თავმჯდომარედ, ესეც ორი შეუთავსებელი რამეა და მესამე - ისინი არეულები არიან თავის საქციელებში. თუ მათგან ვიღაც მართლა გონს მოვიდა და ამბობს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი, დავსხდეთ და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მივიღოთ - ეს პოზიტიური მესიჯია და მივესალმებით. ძალიან გამიკვირდა, მითხრეს, რომ ხატია დეკანოიძეს უთქვამს, რომ 12 რეკომენდაციაა შესასრულებელი და ჩვენ პარლამენტში უნდა ვიჯდეთო. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელი ასე პოზიტიურად იწყებს ფიქრს, მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა ცოტა ძნელი - დასაჯერებელი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „დროა“ ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც. მდინარაძის განმარტებით, ისინი სწორედ ამ უცნაურობაზე საუბრობდნენ, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული აღმოჩნდა.
"ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი არიან ომის პარტიის განშტოებები და სხვადასხვა გზით მიღებულ ფულს იყენებენ ქვეყნის ქაოსში ჩართვისათვის. განსაკუთრებით უცნაური ამბავია „დროა“, რომელიც არის NGO-ც და პარტიაც, არეული აქვთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც იღებს დაფინანსებას - სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული აღმოჩნდა. ევროპაში ამერიკულია, კანადაში - ამერიკულია, ავსტრალიაში - ამერიკულია და მხოლოდ საქართველოშია რუსული. რატომ არის საქართველოში რუსული ის, რაც ყველგან ამერიკულია? იმიტომ, რომ „დროასთან“ დაკავშირებული ამ უცნაურობის გაშიფვრა არავის უნდა. რომ მოსთხოვენ ხოშტარიას, თან რუბლებს იღებ და თან ფოტიგას ორგანიზაცია გაფინანსებს, რაშია საქმე და სად არის რუსული და დასავლური ორგანიზაციების თანხვედრა? ეს რომ არ გაშიფრულიყო, დაარქვეს რუსული იმას, რაც EPP-ისთვის ამერიკულია. არსებობს კანონმდებლობა და არ შეიძლება, „ენჯეო“ და პარტია ერთმანეთში იყოს არეული. მე რომ დავარეგისტრირო „ქართული ოცნება“ როგორც „ენჯეო“, რომელიც მიიღებს დაფინანსებას და ამ ფულით პარტიულ საქმიანობას განახორციელებს, აი, ასეთი პარადოქსია“, - აცხადებს მდინარაძე.