მეწყერმა კოკოტაურში საცხოვრებელი სახლი დაანგრია

06 მარტი 2023, 14:30 3631 ნახვა

მეწყერი სოფელ კოკოტაურში. მიწის მასამ  ზოიძეების სახლი გაანადგურა. ღამით დაწყებული მეწყრული პროცესების გამო, ოჯახმა თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარა, დღეს დილით კი მეწყერმა საცხოვრებელი მთლიანად წაიღო. ხუთ წევრიანმა ოჯახმა მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთების გამოტანა მოასწრო.

კოკოტაურში, ამავე უბანში საშიშროებაში კიდევ ოთხი ოჯახია, მათ  სახლებიდან  ნივთები  გამოიტანეს და დროებით საცხოვრებლებში  გადავიდნენ.

დაიმეწყრა საკარმიდამო ნაკვეთები და საავტომობილო გზა, რის გამოც გადაადგილება კოკოტაურის ათამდე ოჯახთან შეფერხებულია. ადგილზე იმყოფებიან ქედის მერიის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახური და პოლიცია, რომლებიც ადგილობრივებს საცხოვრებლების უსაფრთხო დატოვებაში ეხმარებიან.

ქედის მერის ინფორმაციით, მეწყერი კვლავ აქტიურია, შესაბამისად, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, ამ ეტაპზე  შეუძლებელია.

დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას გეოლოგიური სამსახური შეისწავლის, სწორედ დასკვნის შესაბამისად გაუწევს მერია მათ დახმარებას.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში