ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომით სცადა რუსული იმპერიის აღდგენა, მალე გამოჩნდა, რომ ის ძალიან შეცდა,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანის თქმით, ამერიკა და სხვა ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში.
"უკრაინელი ხალხის სიმამაცემ 365 დღის განმავლობაში აჩვენა, რომ ისინი იბრძვიან მტკიცედ საკუთარი ქვეყნის დასაცავად და მზად არიან, დაიცვან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კულტურული იდენტობა. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ბაიდენს, საერთაშორისო პარტნიორთან და მოკავშირეებთან ერთად, ერთიანი პასუხი ჰქონდა პუტინის სასტიკ და არაპროვოცირებულ თავდასხმაზე უკრაინელი ხალხის მიმართ. ნახეთ, რომ პრეზიდენტი ახლახან იმყოფებოდა კიევში, სადაც მან თქვა, რომ უკრაინა დგას ძლიერად, უკრაინა დგას ამაყად და რაც ყველაზე მთავარია, უკრაინა დგას თავისუფალი. ეს ერთი წელი არის იმის შეხსენება, რომ ჩვენ, ყველამ მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშაოთ, როგორც მუშაობს ამერიკა ერთ წელზე მეტია, რომ აღადგინოს რეგიონში მშვიდობა, აღადგინოს პატივისცემა იმისა, რასაც ჰქვია სუვერენიტეტი და სუვერენული ერის მისწრაფება, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ეს არის საკვანძო და სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკა და ამდენი ქვეყანა ეხმარება უკრაინას, დაიცვას მისი სუვერენულობა, იდენტობა და თავისუფლება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში მიმდინარეობს კამპანია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოსა და დასავლეთს შორის მჭიდრო პარტნიორობას.
"ცხადია, ბოლო 6-8 თვეა, საქართველოში მიმდინარეობს გარკვეული კამპანია, რაც საფრთხეს უქმნის მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსა და დასავლეთს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის იმ მკაფიო არჩევანს, რომელსაც ცხადად და დადასტურებულად აქვს არჩეული ევროპისკენ სვლა. ხალხს უნდა ევროპული მომავალი, ხალხს უნდა ძლიერი დემოკრატია, ეკონომიკის დივერსიფიცირება, კეთილდღეობა და არა რუსეთზე დამოკიდებულება. საქართველომ გასულ წლებში დიდ პროგრესს მიაღწია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს უნდა გაგრძელდეს, საქართველოს არ სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულება ვაჭრობის, უსაფრთხოების ან ნებისმიერი კუთხით. საქართველოს ჰყავს ძლიერი მეგობრები, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მეგობრები და ის, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას, მათ უნდა გაიგონ ქართველი ხალხის ხმა, რომ ეს მიუღებელია. თქვენი ხმა, თქვენი არჩევანი, თქვენი მომავალი ევროპაა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
დღეს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრიდან 1 წელი გავიდა.