ერთი წელი უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებებიდან

24 თებერვალი 2023, 12:01 673 ნახვა

1 წლის წინ, ზუსტად ამ დროს, გამთენიისას რუსეთი იწყებს უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს - სპეციალური სამხედრო ოპერაციის სახელით, რომლის მიზანი როგორც ვლადიმერ პუტინი ამას ხშირად იმეორებდა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია უნდა გამხდარიყო. თუმცა  უკრაინა  რუსეთის შეჭრას მისსავე ტერიტორიაზე აფასებს როგორც არაპროვოცირებულ ომს.  

ზუსტად ერთი წელია უკრაინა რუსეთის იერიშს იგერიებს. ომს შეეწირა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის ბავშვების.  დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა შორის  36 ქართველია. მათ შორის იყო 21 წლის ნიკოლოზ შანავა, რომელიც  9 აპრილს ხარკოვთან საარტილერიო შეტევისას  დრონებით დაბომბვას ემსხვერპლა. კანტუზია მიიღო მასთან ერთად მებრძოლმა მისმა ძმამ, 19 წლის ლუკამაც.   

ოკუპანტები ბომბავდნენ ჯერ თითქოს სტრატეგიულ ობიექტებს, თუმცა არ მორიდებია  ბაღების, სკოლების, საავადმყოფოების, სამშობიარო სახლების განადგურებას.    

დღემდე უკრაინაში სასტიკი ბრძოლებია. ერთი წლის შემდეგაც გრძელდება მტრის შეტევითი მოქმედებები ამ წუთებში კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით.

მის დაწყების დღიდან არაერთი მსოფლიო ლიდერი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი  ადამიანი ჩავიდა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში მხარდაჭერის დასტურად. დღესაც ასე იქნება. ომის წლისთავზე კიევში დღეს კიდევ ერთხელ ჩავლენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სოლიდარობის და რუსული აგრესიის დასაგმობად.   

ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება უკრაინაში და დღის განმავლობაში ჩაგვერთვება გიორგი წეროძე, რომელიც მოგვიყვება რა ხდება ახლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინაში. მასთან ერთად არის ოპერატორი ვახო თურმანიძე.  

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი კორესპონდენტები გუგული ბერიძე და ანა ვაშაყმაძე 1 წლის განმავლობაში ყოველდღიურად გიყვებოდათ რუსეთ-უკრაინის ომზე. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში