სპორტის მთავარი

19 იანვარი 2023, 20:03 644 ნახვა

კვიპროსის თასის მერვედ ფინალში „აპოელმა“ „არისს“ 4:2 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის გმირი „აპოელის“ კაპიტანი გიორგი ქვილითაია იყო, მან 27-ე წუთზე ანგარიში დასწრებაზე თამაშით გაათანაბრა, ათ წუთში კი კიდევ ერთი გოლით გუნდი წინ გაიყვანა. 39-ე წუთზე გიორგის საგოლე პასით პორტუგალიელმა დალსიომ გაიტანა. ქვილითაია 68-ე წუთზე გამოცვალეს. გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა ლაშა დვალმა, ხოლო ბუბა დაუშვილი 87-ე წუთზე გამოცვალეს. შეხვედრის მსაჯი მუნდიალის ფინალის არბიტრი, პოლონელი სიმონ მარცინიაკი იყო.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და ხიხონის „სპორტინგი“ 4:0 დაამარცხა. ესპანეთის თასის მერვედფინალში „ვალენსია“ მეტოქეს გასვლაზე ეთამაშა. საქართველოს ნაკრების მეკარე ტრადიციულად „მესტალიელების“ ძირითად შემადგენლობაში იყო. გადამწყვეტი როლი მოგებაში ედინსონ კავანიმ ითამაშა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. მან ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა და 39-ე წუთზე მასპინძლების კარი მეორედ აიღო. ამ ორ გოლს შორის, 21-ე წუთზე თავი ჯასტინ კლიუვერტმა გამოიჩინა. თამაშის ბედი გარკვეული იყო, „ვალენსია“ მეორე ტაიმში დამშვიდდა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე „ხიხონის“ კარი სამუელ ლინომ აიღო და „ვალენსია“ ესპანეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა. თუ ვინ იქნება მისი მეტოქე, ეს ხვალ კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის "კინგ ფაჰდმა" კიდევ ერთი ტოპსაფეხბურთო ქვეყნის დაპირისპირებას უმასპინძლა. "მილანმა" და "ინტერმა" ერთ მატჩში გამოავლინეს იტალიის სუპერთასის მფლობელი. "ინტერმა" იოლად 3:0 მოუგო ისტორიულ მეტოქეს, რომელსაც უკვე 21-ე წუთისთვის ორი გოლი გაუტანა. თავი დიმარკომ და ედინ ჯეკომ გამოიჩინეს. რასაც მეორე ტაიმში ერთი ბურთიც ლაუტარო მარტინესმა დაუმატა. ამრიგად, "ინტერმა" ზედიზედ მეორედ მოიგო სუპერთასი, სულ კი - მეშვიდედ, რითაც "მილანს" გაუთანაბრდა, ორივე ერთად კი ჩამორჩება "იუვენტუსს", რომელსაც 9 გამარჯვება აქვს. სიმონე ინძაგიმ კი მეოთხე სუპერთასი მოიგო - ორჯერ "ინტერის", ორჯერაც "ლაციოს" მწვრთნელის რანგში. შედეგად, 46 წლის სპეციალისტი გაუტოლდა ფაბიო კაპელოსა და მარჩელო ლიპის, რომლებსაც ასევე ოთხ-ოთხჯერ აქვთ მოგებული ქვეყნის სუპერთასი.

ტურინის იუვენტუსს ოფიციალურად ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. კლუბის პრეზიდენტი 59 წლის იტალიელი ბიზნესმენი, აუდიტის ექსპერტი ჯანლუკა ფერეროა, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა კი მაურიციო კანავინომ დაიკავა. არჩეულია კლუბის ახალი დირექტორთა საბჭო, რომელშიც შევიდნენ: ფიორანა ვიტორია ნეგრი, მაურიციო სკანავინო, ჯანლუკა ფერერო, დიეგო პისტონე და ლაურა კაპიელო. კლუბის უწინდელმა ხელმძღვანელებმა, პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა, თანამდებობები გასული წლის ნოემბერში დატოვეს. მათთან ერთად გადადგა დირექტორთა საბჭოს სრული შემადგენლობა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული კლუბის ყოფილი ბოსები პროკურატურამ ფინანსურ დარღვევებში დაადანაშაულა და მათ პატიმრობა ან ჯარიმები ემუქრებათ.18 იანვარს იტალიური კლუბის აქციონერებმა ტურინში კრება ჩაატარეს, სადაც დირექტორთა ახალი საბჭო აირჩიეს - ხუთკაციანი გუნდის უფლებამოსილება 2025 წლის 30 ივნისამდე განისაზღვრა.

ენ-ბი-ეი-ს ჯი ლიგაში „ვისკონსინ ჰერდმა“, რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, „ვესტჩესტერს“ 127:118 მოუგო. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. მან პარკეტზე 36 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მომდევნო შეხვედრას „ვისკონსინ ჰერდი“ 22 იანვარს გამართავს და საკუთარ არენაზე „რეპტორსს“ უმასპინძლებს.

დღეს თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ევროლიგის მეოცე ტურში ბერძნულ პანათინაიკოსს შეხვდება. ბოლო ორი მატჩია იტალიური გუნდი ევროლიგაში შეხვედრას ვერ იგებს, ხოლო ბოლო მატჩი პირიქით მოგებული აქვს პანათინაიკოსს. ამ ეტაპისთვის ვირტუსის მოგება წაგების ბალანსი 8:11-ზეა და მეცამეტე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე 7 მოგებითა და 12 წაგებით მეთხუთმეტე ადგილზე. შეხვედრა 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება. შარშან ზაფხულში, მსოფლიო რაგბის ინიციატივით რეგიონული ტურნირები გაიმართა და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის 20-წლამდელთა სერიებში ითამაშა, სადაც ექვსი ერის წარმომადგენლებთან - საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და იტალიასთან ერთად, სამხრეთ აფრიკა და საქართველო იყვნენ მიწვეული. ლადო კილასონიას შეგირდებმა იტალიას, უელსს და საფრანგეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს, შოტლანდიას კი სარეკორდო სხვაობით – 55:17 სძლიეს და მე-6 ადგილი დაიკავეს. 2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში კვლავ 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენი არიან: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, ფიჯი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და უელსი.

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები თებერვლის დასაწყისში დევისის თასის მორიგ შეხვედრას ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო ჯგუფი ერთს მიუახლოვდება. ქართველი ჩოგბურთელები მსოფლიო ჯგუფი ორის პლეი ოფში სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელ ბოლივიას შეხვდებიან. თამაში საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოახლოებულ დაპირისპირებას პოლონეთის ქალაქ ლეშნო უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ დავით კვერნაძის გუნდის პროგრესი გასულ წელს დევისის თასის ევროპული ზონის მესამე ჯგუფში წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს ქალაქ ულცინში ოთხ მეტოქეს ისე სძლია, რომ 1 მატჩიც კი არ წაუგია, თანაც, ეს ყველაფერი, ქვეყნის პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე მოახერხა. პოლონეთში დაგეგმილი დაპირისპირება 2-3 თებერვალს დახურულ კორტებსა და ჰარდის საფარზე შედგება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში