ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ სოციალური წნეხი მოსახლეობისთვის მინიმუმი იყოს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე გაზზე უცვლელია ტარიფები - ეს არის სემეკის შეფასება. ჩვენ მოვახერხეთ ენერგორესურსების იმგვარად გადანაწილება, რომ დამატებითი წნეხი არ შეექმნა ენერგოდისტრიბუტორ კომპანიებს და აქედან გამომდინარე, მიმდინარე ზამთარში, როდესაც ყველაზე მწვავედ დგას ენერგომატარებლების ფასები, საქართველოს მოსახლეობისთვის ის შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ძალიან ორგანიზებულად და კოორდინირებულად გვიწევს მუშაობა ბიზნესთან და ენერგოსექტორთან ერთად იმისთვის, რომ სოციალური წნეხი იყოს მინიმუმი მოსახლეობისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ჰიდროელექტროენერგიის რამდენიმე პროექტი.
"სხვადასხვა ეტაპზე მთავრობა იწონებს ხელშეკრულებებს განახლებადი ენერგიის პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო წარადგენს ხოლმე სამ ეტაპად. ჩვენ რამდენიმე პროექტი განხილული გვქონდა, რამდენიმე პირველად წარვადგინეთ. ჩვენ საკმაოდ საინტერესო ჰიდროენერგეტიკული პროექტი წარვადგინეთ მთავრობაზე და ასევე, მზის ენერგეტიკის პროექტი, რომელიც 100 მეგავატამდე სიმძლავრის საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად და არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან ერთად განხორციელდება, რომელსაც ენერგოსექტორში განსაკუთრებული სპეციალიზაცია გააჩნია. ეს იქნება თითქმის 100 მეგავატი, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რომელზეც დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულება"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.