მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა - პრემიერი

28 ნოემბერი 2022, 14:22 599 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო ვარსკვლავები ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ, ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები არტისტები და ივნისი, ივლისი, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში საქართველოში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც“. გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, ჩვენ გვაქვს ამის შესაბამისი თანხები. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. საინტერესო პროგრამა გამოგვივა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამას იწყებს, რისთვისაც 200 მლნ ლარი გამოიყოფა.

მისივე განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს როგორც ძველი ტურისტული არეალების რეაბილიტაციას, ისე ახლის განვითარებას.

"ტურიზმი არის მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე. ჩემი დავალებით ეს პროგრამა უკვე გამზადებულია და ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც როგორც არსებული ლოკაციების, ასევე, ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება. მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის, არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 200 მილიონ ლარს. ეს თანხა გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 

 

 

 

ფოტო: არქივი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი