ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2022, 19:32 618 ნახვა

ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

კობახიძის თქმით აღნიშნული ქმედება შანტაჟს წარმოადგენს.

„ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია, გამოვიტანოთ ამ ნაბიჯიდან. ერთი მხრივ უშიშროების საბჭო, მისი მდივანი მოგვიწოდებს მეორე ფრონტისკენ, გახსოვთ, უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის პირდაპირი მოწოდება მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ზუსტად იგივე უწყება აშანტაჟებს ქვეყანას ფაქტობრივად სანქციებით, ანუ მიზანი ეს არის. იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით, ამას რა რიტორიკა უძღვოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან მეორე ფრონტი. ანუ, რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით, რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა, მე ასე მგონია. მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არც ერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირი მცდელობა იყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავის წერილში, რომ შანტაჟით ეიძულებინათ ის, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, ქვეყანა ჩაერთო ომში, ახლა პირდაპირი, ღია მცდელობაა, რაც იყო კულისებს მიღმა, ის გამოიტანეს უკვე კულისებს გარეთ. რა თქმა უნდა, ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული, ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩართვას ვერ აიძულებენ.

„უშიშროების საბჭოსაც ზელენსკი ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა, მის მიერ არის გამოცემული ეს ბრძანება, ისევე, როგორც თავის დროზე ელჩის გაწვევის ბრძანებაც მის მიერ იყოს გამოცემული, რა თქმა უნდა, ეს ასეა. უშიშროების საბჭოს მდივანიც პირდაპირ ექვემდებარება ვერტიკალს. უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ მოგვიწოდებდა ომის გაჩაღებისკენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ და ახლა ნაცვლად მოწოდებისა, გამოდის უკვე შანტაჟით, მარტივი ლოგიკაა, ვერავითარი შანტაჟით ისინი საქართველოში მეორე ფრონტს ვერ გახსნიან. არ ვიცი, უკრაინელები რას იზამენ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორი შანტაჟიც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერავინ ჩართავს ომში და ვერავინ აიძულებს, გახსნას დამანგრეველი მეორე ფრონტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება სანქციებთან დაკავშირებით არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი.

„ძალიან მარტივი ლოგიკაა, ლოგიკა არის ის, რომ ეს არის შანტაჟი, ეს არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი. როდესაც ადამიანს სჯი, მის მიმართ ბერკეტი აღარ გაქვს, მათ სჭირდებათ ბერკეტი, რომ საქართველო ჩართონ ომში, ამისთვის სჭირდებათ არა დასჯა, არამედ შანტაჟი და სწორედ ამ ლოგიკით მოხდა ამ სიაში არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი ოჯახის წევრების შეყვანა, რომ მიზანი არის არა დასჯა. იციან, რომ ეს სრული აბსურდი იქნება, არამედ მიზანია შანტაჟი. რასაც ისინი საჯაროდ ითხოვენ, ეს არის მეორე ფრონტი, პირდაპირ დანილოვი ამას ამბობდა. რასაც ითხოვენ და რისთვისაც განახორციელეს ეს შანტაჟი, ამას ვერ მიაღწევენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. რა თქმა უნდა, ვერავითარი შანტაჟის ქვეშ ისინი მას ვერ აიძულებენ, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში იმისთვის, რომ ქვეყანა ჩართოს მეორე ფრონტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი