ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული 12 პოლიტპატიმარი გამართლდა - პროკურატურა

18 ოქტომბერი 2022, 13:27 628 ნახვა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ 14 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა, მათ შორის გამართლდა ე.წ. „ყინწვისის“ სპეცოპერაციის საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული კიდევ 12 პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულების ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დადგა.

მათივე განმარტებით, 2007 წელს, სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ დირექტორს ლევან ნემსწვერიძეს გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის 17 548 ლარის მითვისებას, ხოლო ქ. ცაგერის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილ უფროსს ნაირა ბერაძეს ამავე თანხის გაფლანგვას ედავებოდა.

იმჟამინდელი გამოძიების მასალების მიხედვით 2001-2002 წლებში, ქ. ცაგერში, სანაპიროს ქუჩის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებზე შპს „ცაგერის წყალმომარაგება–კანალიზაციის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა აქტში მითითებული მოცულობები და ღირებულებები, არ იყო შესაბამისობაში რეალურად განხორციელებულ სამუშაოებთან, ხოლო სხვაობამ შეადგინა 17 548 ლარი.

2007 წლის 7 მარტის ცაგერის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ლევან ნემსწვერიძე გასამართლებული იქნა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ნაირა ბერაძე  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ორივე პირს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალათ პირობითად 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მათვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მათი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მოწმეთა ჩვენებებით და ჩატარებული კომისიური საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ შპს „ცაგერის წყალმომარაგება-კანალიზაციის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება აღემატებოდა ცაგერის გამგეობისგან მიღებულ თანხას და შეადგენდა 71 307 ლარს, რითაც ცალსახად გამოირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 17 548 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის თაობაზე და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარიმართა.

2022 წლის 12 ოქტომბერს ლევან ნემსწვერიძის და ნაირა ბერაძის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. „ყინწვისის“ სპეცოპერაციის საქმეზე, თორმეტი უკანონოდ მსჯავრდებული პოლიტპატიმარი გაამართლა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე ,,ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, კახაბერ თოდაძე, ზურაბ გელაშვილი, ზურაბ ჩიტრეკაშვილი, ვარლამ ჩარკვიანი, გიორგი ბეროშვილი, გიორგი აღაჯანიშვილი (ამჟამად ციციშვილი), დავით ჩიტრეკაშვილი, თეიმურაზ ცამბაია, ბორის გურული, ბადრი ჩიგოგიძე, მამუკა ბესელია და მიხეილ მაისურაძე დააკავეს. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2011 წლის 28 მაისს, აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად) წარედგინათ.

საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, ცალკეულ პირთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ბრალდებულებმა აღიარეს არჩადენილი დანაშაული და დათანხმდნენ არსებითი განხილვის გარეშე საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, აღნიშნული პირები დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

თორმეტივე პირი „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, აღიარებულ იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოში საქმის ხელახალი არსებითი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებულების მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და 2022 წლის 23 სექტემბერს თორმეტივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.

დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილი იქნა 455 პირი, რომელთაგან 323 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 60 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 115 ყოფილი მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 108 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი”, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი