აშშ-მა ირანის "ზნეობის პოლიციას" 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო სანქციები დაუწესა

23 სექტემბერი 2022, 11:15 624 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის "ზნეობის პოლიციას“ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

სანქციები შეეხო "მორალის პოლიციას“ და ირანის ძალოვანი უწყებების 7 მაღალჩინოსანს, რომლებიც „რეგულარულად მიმართავენ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური დისიდენტების, ქალთა უფლებების აქტივისტების გამოსვლების ჩასახშობად“.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის სიკვდილის გამო პასუხისმგებლობა "ზნეობის პოლიციას“ ეკისრება.

"მაჰსა ამინი იყო უშიშარი ქალი, მისი გარდაცვალება მორალის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ წარმოადგენს ირანის რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურების სისასტიკის მორიგი აქტს საკუთარი ხალხის მიმართ“, - განაცხადა ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეტ იელენმა.

ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო ირანში შეტაკებები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ირანული მედიისა და ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, მოკლულია 6 მომიტინგე და 2 პოლიციელი, თუმცა აქტივისტთა ჯგუფები საუბრობენ 20-მდე გარდაცვლილზე.

მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი