გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული პერიმეტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის რეკომენდაციებს, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სააგენტოს მისიის ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში რუსულმა და უკრაინულმა ძალებმა ელექტროსადგურის გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია უნდა შეწყვიტონ. მეორე ნაბიჯი დემილიტარიზებული პერიმეტრის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა უნდა იყოს.
კონკრეტულად ეს მოიცავს რუსეთის ძალების ვალდებულებას, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ამ პერიმეტრიდან - აღნიშნა გუტერეშმა.