ევროპა „იმკის იმას, რაც დათესა -ასე შეაფასა თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება. ერდოღანი მიზეზად ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს ასახელებს. ევროპას ცივი ზამთრის საფრთხე მას შემდეგ დაემუქრა, რაც რუსეთმა ევროპის უმსხვილესი გაზსადენის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შესახებ განაცხადა.ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპული სანქციების საპასუხოდ ყველა თავის საშუალებას და იარაღს იყენებს. ნატოს წევრი თურქეთი ცდილობდა ბალანსის შენარჩუნებას მოსკოვსა და კიევთან ურთიერთობებში. ანკარა კრემლს უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებს, უკრაინას იარაღს უგზავნის, პარალელურად ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს და რუსეთთან ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას განაგრძობს.