მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარება 2021 წლის პირველ იანვრამდე, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება

14 ივლისი 2020, 17:45 1163 ნახვა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. 

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარა კენჭი. პროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა ერთმა მისცა.

აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე შეეძლება.

დოკუმენტს ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად მიიჩნევდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

რიგგარეშე სხდომას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მაისში დაამტკიცა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში