ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს და სთხოვს პარკებსა და სკვერებში სეირნობისაგან დროებით თავი შეიკავონ და დაიცვან სოციალური დისტანცირება. ასევე ის რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.
''ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, კვლავ მოგმართავთ თხოვნით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდოთ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს და თავი შეიკავოთ სეირნობისაგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. გთხოვთ, ამასთანავე დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავთ თქვენი თუ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.
გთავაზობთ იმ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილების დროს:
თავი შეიკავეთ შეკრებისაგან და მაქსიმალურად შეზღუდეთ გადაადგილება.
დაიცავით სოციალური დისტანცია.
აკრძალულია ბულვარის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით სარგებლობა.
გაითვალისწინეთ საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში 21 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენა.
მიუხედავად ამისა, ბათუმის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება.