საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ გუშინ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეკლესიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რამაც მრევლის უკმაყოფილება გამოიწვია.
საუბარია ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაზე.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
''გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.
სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ'' - წერია განცხადებაში.