დღევანდელი დღე კიდევ ერთი შეხსენებაა ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია - შალვა პაპუაშვილი

11 ოქტომბერი 2025, 12:58 105 ნახვა

მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება სიტყვა წარმოვთქვა დღევანდელ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც სახელმწიფოს სახელით ვაჯილდოვებთ ქართული კულტურისა და ხელოვნების გამორჩეულ წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენელთა სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია.

„თითოეულ თქვენგანს მსურს პირადად მოგილოცოთ ჯილდოს მიღება, რაც ერთის მხრივ არის აღიარება და დაფასება თქვენი მრავალწლიანი შრომისა, გარჯისა და ღვაწლისა, ხოლო მეორეს მხრივ ეს არის ხაზგასმა ხელოვნებისა და კულტურის როლისა ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს მოქალაქეები ნათლად უნდა ხედავდნენ ხელოვნების განსაკუთრებულ როლს სახელმწიფოში, რადგანაც სწორედ კულტურაა ჩვენი ყოფიერების ის მწვერვალი, რისთვისაც ვზრუნავთ, ვშრომობთ და ვვითარდებით.

დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია. ეს პირობები ყველასთვისაა და ყველა სარგებლობს საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარებისა და გამოვლენის საშუალებით, რაც ჩვენი კონსტიტუციითაც დაცულია. შემოქმედების პროცესი წარმოადგენს ყოფიერების ყველაზე შინაარსიან გამოვლენას. სახელმწიფო აფასებს კულტურისა და ხელოვნების იმ მიღწევებს, იმ შემოქმედებას, რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული წვლილი შეაქვს ჩვენს მრავალათასწლოვან სალაროში, რომელსაც ქართული კულტურა ეწოდება.

ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი ამდიდრებს ჩვენს საუნჯეს, წარმოადგენს ხიდს წარსულსა და მომავალს შორის, გვეხმარება ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ. ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება საკუთარი შესაძლებლობისა და უნარის ფარგლებში ვიზრუნოთ ქართულ კულტურაზე – ვინ შემოქმედებით, ვინ ხელშეწყობით, ვინ დაცვითა და ვინ გამრავლებით. ყველას გისურვებთ ნაყოფიერი შემოქმედების კიდევ მრავალ წელს და პირნათლად დატოვებულ კვალს, რომელიც სამაგალითო გახდება მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში