მსოფლიოში COVID 19 - დაინფიცირებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

02 აპრილი 2020, 17:37 2529 ნახვა

თურქეთში გასულ დღე-ღამეში COVID 19- ით 63 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ყველაზე დიდი ზრდაა. ქვეყანაში დაავადებამ სულ 277 ადამიანი იმსხვერპლა. ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 ათას 148 ადამიანით გაიზარდა და 15 679-ს  მიაღწია. ამ მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს. თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 მარტს დაფიქსირდა. 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფარეტინ კოკა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას პროგნოზირებს.
„გასულ კვირას განვაცხადე, რომ დღეში 10 000 ადამიანს ჩავუტარებდით ტესტს. ახლა ჩვენ 15 000 ტესტს  ვაკეთებთ. მომავალ კვირას, ვფიქრობ, ეს რიცხვი 20-25 ათასამდე გაიზრდება, ხოლო უახლოეს 7-10 დღეში  30 ათასი ადამიანის ტესტირებას შევძლებთ“, - ამბობს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

კორონავირუსი თურქეთის ყველა პროვინციაშია გამოვლენილი. დაავადებულთა 60 პროცენტი სტამბოლშია.  აქ 9000 ინფიცირებული და 117 გარდაცვლილია. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეორე ადგილზე იზმირის პროვინცია და დედაქალაქი ანკარა.         

თუქეთის ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. შეწყვეტილია საერთაშორისო მიმოსვლა, ასევე ქვეყნის შიგნით გადაადგილება. დაკეტილია სკოლები, კაფე-რესტორნები. აკრძალულია მასობრივი ლოცვები და სპორტული ღონისძიებები. კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში ტურისტული სეზონი მაისის ბოლოს დაიწყება, აცხადებს ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი და ქვეყანაში საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენას ივნისის ბოლოსთვის ვარაუდობს. 

მეზობელ სომხეთში ერთ-ერთი ციხის 5 თანამშრომელია ინფიცირებული. ქვეყანაში სულ 663 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, კორონავირუსმა ქვეყანაში 4 ადამიანი იმსხვერპლა. 
აზერბაიჯანში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავენ, თუკი ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. კორონავირუსით ქვეყანაში 400 ადამიანია ინფიცირებული, დღე-ღამეში 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში  ვირუსით 5 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინაში 800-ზე მეტი ინფიცირებულია რეგისტრირებული. გასულ დღე-ღამეში 135 ახალი შემთხვევა  გამოვლინდა. CO VID 19-მა ქვეყანაში 20 ადამიანი იმსხვერპლა. 

ბოლო დღე-ღამეში რუსეთის 29 რეგიონში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყნის 76 რეგიონში კორონავირუსით 3548 ადამიანია ინფიცირებული. ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. 

ახალი კორონავირუსით დაღუპულთა 95 პროცენტზე მეტი 60 წელს გადაცილებულია. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ევროპაშია, სადაც კორონავირუსმა 30 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მთელ მსოფლიოში  COVID -19-ით დაავადებულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში