მსოფლიოში კორონავირუსით 800 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

31 მარტი 2020, 19:08 2203 ნახვა

COVID 19 - სომხეთი

საყოველთაო კარანტინის რეჟიმს კიდევ 10 დღით  აგრძელებს სომხეთი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეგისტრირების გამო მიიღეს.  სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კოვიდ -19-ით ინფიცირების  50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ  532 ადამიანია დაავადებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა - 3, განიკურნა- 30. ფაშინიანის თქმით, სომხეთი კორონავირუსის გავრცელების პიკზეა. 

COVID 19 - ბელარუსი

ეპიდემიის პიკზეა ბელარუსიც. ამას თავად პრეზიდენტი ალექსანდრე  ლუკაშენკო აცხადებს და ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველ ლეტალურ შემთხვევასაც  ადასტურებს.  ლუკაშენკო  ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის საბაბს ვერ ხედავს, რომელიც მიმდინარე წელს უნდა ჩატარდეს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში  152 ადამიანია დაავადებული.  

COVID 19 - რუსეთი

კოვიდ-19-ით ინფიცირების   პიკს უახლოვდება რუსეთი-ასეთია რუსი ეპიდემიოლოგების ვარაუდი.   ქვეყნის   73 რეგიონში  ახალი კორონავირუსით ინფიცირების  2 337 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 17 ადამიანი. დედაქალაქი მოსკოვი და რუსეთის 32 რეგიონი საყოველთაო იზოლაციაშია მოქცეული.  დღეს სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ნება დართო. ინფიცირებულთა შორის  იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელია, რომელსაც  რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 24 მარტს სტუმრობდა. დენის პროცენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისსავე კლინაკში მკურნალობს.

COVID 19 - უკრაუნა


 უკრაინაში კოვიდ-19-ით ინფიცირების  548 ლაბორატორიულად დადასტურებული  შემთხვევაა. დაიღუპა  13 ადამიანი.

COVID 19 - აზერბაიჯანი


     აზერბაიჯანში 298 ინფიცირებულია რეგისტრირებული.  დაღუპულია 5 პაციენტი.
   

COVID 19 - თურქეთი


თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო ერთ დღეში 37- ით გაიზარდა. სულ გარდაცვლილია 168 ადამიანი.  ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო ერთ დღეში  1 610 - ით გაიზარდა და საერთო ჯამში 10  827 მიაღწია.  პრეზიდენტი  ერდოღანი კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდში    7 თვის ხელფასს  გადარიცხავს.  თურქეთის ლიდერის  ყოველთვიური ხელფასი 81 ათას 250 თურქული ლირაა.  

COVID 19 - თურქმენეთი


ქვეყანა კორონავირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვის.  ხელისუფლებამ ქვეყანაში პანიკის თავიდან ასაცილებლად სიტყვა კორონავირუსი აკრძალა.  ადგილობრივ მედიას ამ სიტყვის გამოყენების უფლება არ აქვს.  სიტყვა ამოიღეს ასევე   ბროშურებიდან, რომლებსაც  სკოლებში, საავადმყოფოებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ავრცელებენ.  თურქმენეთი, ქვეყნის ტერიტორიაზე  კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს არ ადასტურებს.     

COVID 19 -ჩეხეთი , გერმანია, ესპანეთი, იტალია და აშშ


 კორონავირუსი დაუდგინდა ჩეხ მილიარდერს დანიელ კრეტინსკის. ბიზნესმენის თქმით, დიაგნოზი მას 12 მარტს დაუსვეს და მას შემდეგ თვითიზოლაციაშია. გერმანიაში 67 ათას 51 ინფიცირებულია, გარდაიცვალა 650 ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბა.  დაიღუპა 39000 პაციენტი.  170 000 მეტი კი განიკურნა.  ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა იტალიაშია რეგისტრირებული-ქვეყანაში 11 591 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს. ქვეყანას 164  610 ინფიცირებული ჰყავს.  ესპანეთში კორონავირუსის მხვერპლთა ახალი დღიური რეკორდი დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამეში 849 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა  საერთო  რაოდენობა  8 189 - მდე გაიზარდა.  ბოლო დღე-ღამეში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების  9022 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.   ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში  სულ 94 417 ადამიანია ინფიცირებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში