კორონავირუსი იტალიის შემდეგ ძალას ესპანეთში იკრეფს

25 მარტი 2020, 15:00 573 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 400 ათას ადამიანს აჭარბებს, დაღუპულია თითქმის 20 ათასამდე.  

ძალიან რთული სიტუაციაა ევროპაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შექმნილ სიტუაციას იმით ხსნის, რომ ევროპამ პანდემიით გამოწვეული კრიზისის მასშტაბების სწორად პროგნოზირება ვერ შეძლო.  

თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ  ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით  პირველ ადგილზე ესპანეთი გავა.  ქვეყანაში უკვე 40 ათასამდე  დაავადებულია. ინფიცირებულთა რიცხვი იტალიაზე სწრაფად იზრდება.  გარდაცვლილთა ნახევარი მადრიდზე მოდის.  ესპანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში დეზინფექციას ატარებენ. თვითიზოლაციაში იმყოფება ვიცე-პრემიერი,   პრემიერის მეუღლეს  და მინისტრთა კაბინეტის ორ წევრს კოვიდ-19 უკვე დაუდასტურდა.

ესპანეთის ხელისუფლება სასწავლო წლის ვადამდე დასრულებისთვის ემზადება, ხოლო საწარმოები პროფილს იცვლიან. საავტომობილო ქარხანა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს, ხოლო პარფიუმერული ქარხნები ანტისეპტიკურ სადეზინფექციო საშუალებებს გამოუშვებენ.

მადრიდში მოხუცებულთა თავშესაფრები ახლობლების ალყაშია მოქცეული.  ერთ-ერთში 38 მობინადრე დაინფიცირდა და მათთან ერთად თანამშრომელთა ნახევარიც.

დეზინფექციას არმია ატარებს, რომელმაც ერთ-ერთ თავშესაფარში მიტოვებული მოხუცები იპოვა, მათი ნაწილი საწოლებში უკვე გარდაცვლილი იყო.  

დამკრძალავი ბიუროები მათი ცხედრების წაღებაზე უარს ამბობს ინფიცირების შიშით. მორგად გადაკეთდა გიგანტური  საციგურაო მოედანი,  რომელიც ამჟამად დახურულ გასართობ ცენტრშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში