აჭარაში ოპოზიცია არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითხოვს

10 მარტი 2020, 13:48 814 ნახვა

აჭარაში ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.  არსებული მოდელის მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან 15 პროპორციული სიით, ხოლო 6 მაჟორიტარულით. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ მაჟორიტარული სისტემა მთლიანად გაუქმდეს.   

„მოვითხოვთ, უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრაზე დააყენოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები“- ამის შესახებ მურმან დუმბაძემ  სხვადასხვა ოპოზიციური  პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მურმან დუმბაძის თქმით, ისინი მზად   არიან, თუ მმართველი გუნდი მზად იქნება  დაიწყონ  კონსულტაციები.

''ევროპული საქართველოს'' წევრი პეტრე ზამბახიძე კი ამბობს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან.

''რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას, ის პროექტი, რომელიც განხილულია და დევს უმაღლეს საბჭოში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული. იმ ფონზე, როცა უკვე შეთანხმება შედგა, 2020 წლის არჩევნების ჩატარების მთავარ პრინციპზე, საერთაშორისო პარტნიორების თხოვნაც არის და მოთხოვნაც ს მოხდეს ოპოზიციასთან თანამშრომლობა. თბილისში შეთანხმება შედგა და დარჩა რეგიონი. ჩვენ მზადა ვართ კონსულტაციებისთვის, შეთავაზებული ვარიანტი პროპორციული სისტემა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თუ იქნება ჩვენი რეგიონი მაგალითი და ამ ინციატივას მიიღებს, ძალიან კარგი. ჩვენ ვართ მზად სასუბროდ, ეს იქნება საარჩევნო ბოლოკების თემა, ბარიერების თემა. მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის, რომ მივიღოთ ისეთი მოდელი, რომელიც საერთო ჯამში პოლიტიკურ სპექტრს გააერთიანებ'' - განაცხადა პეტრე ზამბახიძემ. 

''ლელო'', აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივით გუშინ გამოვიდა.

2019 წელს, საქართველოს მასშტაბით საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო განხილვები მოეწყო, რომელიც პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას ეხებოდა. იგივე განხილვები გაიარა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც, თუმცა საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, რომელმაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო, აჭარის დეპუტაციას ამ საკითხზე არ უმსჯელია. 
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში