უკან წაღებული შეთავაზება - მაუწყებლის მთავარ გამოშვებას გიორგი აბაზაძე თავად წაიყვანს

09 მარტი 2020, 17:30 3389 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს, 9 მარტს, დაახლოებით სამის ნახევარზე თეონა თურმანიძეს მთავარი გამოშვების წაყვანა შესთავაზა. თურმანიძემ მას გამოშვების დასრულების დროს, პირდაპირ ეთერში უპასუხა და თქვა, რომ კოლეგების თხოვნით ის თანახმაა დროებით რვასაათიან გამოშვებას გაუძღვეს, ვიდრე თეონა ბაკურიძის საქმეზე დაწყებული მოკვლევა არ დასრულდება. 

ახალ ამბების სამსახურის სამუშაო ოთახში  დაბრუნებულ თეონა თურმანიძეს, გიორგი აბაზაძემ უთხრა, რომ საღამოს გადაცემაზე თავად ჯდებოდა, გადაწყვეტილების შესახებ კი ეთერიდან არ უნდა გაეგო. 

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი არ ამბობს, რომ ამით კოლეგამ რამე დაარღვია. გიორგი აბაზაძე ირწმუნება, რომ  გადაცემაზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა და თავად აპირებდა თეონა ბაკურიძის ჩანაცვლებას.

''სამის 25 წუთი იყო თეონას [თურმანიძეს] ვუთხარი თუ დაჯდებოდა ეთერში, მოვიფიქრებო. სტუდიაში შესვლამდეც ვკითხე, მითხრა ჯერ ვფიქრობო. 15 საათსა და 20 წუთზე მოუწერია სმს, შენ თუ შეძლებ დღეს დაჯექი და ხვალიდან მე ვიქნებიო. მესიჯი ნანახი არ მქონდა და პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ამის შესახებ. ვფიქრობ, ეთერში არ უნდა გამოეცხადებინა -  ვთანხმდები წინადადებასო. მე არ მეგონა, რომ თეონა ჯდებოდა ეთერში და დავიწყე გადაცემის კეთება, უნდა ეთქვა მანამდე, რად უნდოდა ამდენი ფიქრი," - ამბობს გიორგი აბაზაძე. 

ჟურნალისტი: მოიფიქრა და ეთერით გიპასუხათ, ამ 20 წუთში ან ერთ საათში რაიმე შეიცვალა?

გიორგი: შეცვლით არაფერი შეცვლილა. ეთერში რადგან თქვა ეგ არის მიზეზი. მოუწერია, მაგრამ არ მინახავს. ვუთხარი გეთქვა ჩემთვის მანამდეთქო. 

ჟურნალისტი:  რამე წესი დაარღვია თეონა თურმანიძემ?

გიორგი: არა, დარღვევით არაფერი დაურღვევია, მაგრამ დარღვევის გამო ხომ არ მომიხსნია ეთერიდან?  შევთავაზე, არ მითხრა დროულად პასუხი, ამიტომ დავჯდები მე. ეთერში სათქმელი არ იყო, რად უნდოდა ეთერში გამოცხადება, მანამდე ეთქვა. 

ჟურნალისტი:  მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა ვინ შემოგთავაზათ?

გიორგი: როგორც სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, როცა ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე იქ მეწერა, რომ ვარ ახალი ამბების წამყვანიც. ეს პუნქტი ამოღებული არ არის და საჭიროების შემთხვევაში დავჯდები ეთერში. 

ჟურნალისტი: დღეს შეხვედრა გქონდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორთან?

გიორგი ბაზაძე: დირექტორთან დღეს შეხვედრა მქონდა. მე მაინტერესებდა როდის დასრულდებოდა მოკვლევა. მითხრა, რომ მალე დასრულდება, სხვა თემებზე კი არ გვისაუბრია.

 

თეონა თურმანიძე ამბობს, რომ სტუდიიდან ასვლის შემდეგ გიორგი აბაზაძემ შეთავაზებაზე უარი უთხრა და განუმარტა, რომ მთავარ გამოშვებას თავად წაიყვანდა. 

''გიორგი აბაზაძემ შემომთავაზა სამის ნახევარზე, თუ დაჯდები ეთერშიო. ვუთხარი დრო მჭირდება, დაგვიანებული შემოთავაზებაათქო. ამ დროს ერთად ვიყავით მე, ფირუზი და გიორგი. გადაცემის დაწყებამდე ისევ შემოვიდა პასუხი მითხარიო. ვუპასუხე, რომ დრო მჭირდებოდა ნუ მაჩქარებდა. ულტიმატუმი ხომ არაა. 4-ის 20 წუთზე მივწერე ასე გვიან არ უნდა გეთქვა, მაგრამ გამოსავალი თუ არაა ვთანხმდები, ისევ ჩემი კოლეგების თხოვნის გათვალისწინებით. მითხრა, რომ სმს არ მინახავს, ჩემთან თანხმობის გარეშე არ უნდა გამოგეცხადებინა გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერშიო. მე ვჯდები ეთერში ვიდრე თეონა დაბრუნდებაო. ვუპასუხე რომ კარგი'' - გვითხრა თეონა თურმანიძემ. 

ფირუზ ბოლქვაძე ამბობს, რომ საუბარს ესწრებოდა, თუმცა თავდაპირველად იცოდა, რომ ეთერში გიორგი აბაზაძე ჯდებოდა. 

''მე ვიცოდი, რომ გიორგი უნდა მჯდარიყო ეთერში, თავიდან ასე ვიცოდი. გიორგი თავს კარგად ვერ გრძნობდა, ალბათ ამას უკავშირდებოდა. კი შეთავაზება იყო, ხომ არ დაჯდებოდა თეონა ეთერში, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია რა შემთხვევაში, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში თუ გიორგი ვერ შეძლებდა'' - ამბობს ფირუზ ბოლქვაძე. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში