აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

28 თებერვალი 2020, 19:22 8046 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

როგორც ამას მაუწყებლის ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირების წევრები უკვე ორი კვირის განმავლობაში პროგნოზირებდნენ, დირექტორი, გიორგი კოხრეიძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლებასაც გეგმავდა. სწორედ ეს წერია დოკუმენტშიც, რომელიც ონლაინ სამსახურს დღის ბოლოს, 19:10 წუთზე დირექტორის თანაშემწემ გაუგზავნა. 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება გადანიშნული. 

''ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება'' - წერია განცხადებაში, რომელიც დირექტორის სახელით ონლაინ სამსახურს გამოუგზავნეს. 

ასევე, დღეს გახდა ცნობილი, რომ 24 თებერვალს, საინფორმაციოს პროდიუსერად დანიშნული ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს აჭარის მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერის პოსტს და მის მოვალეობას, დროებით ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს. წერილში არ არის მითითებული, რა პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ნინო ხაჟომია. 

19 თებერვალს  საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატიც გაუქმდა. მაია მერკვილაძეს კი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა დირექტორმა არარსებული თოქ-შოუს პროდიუსერობა ან რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობა შესთავაზა.

ორი კვირაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორა პოლიტიკის განმსაზღვრელი ორი პირი - შორენა ღლონტი და მაია მერკვილაძე. 

სწორედ ამ პროცესებს პროგნოზირებდნენ ჟურნალისტები და მაუწყებლის მენეჯმენტსა და მრჩეველთა საბჭოს სამ წევრს, რომლებიც "ქართული ოცნების" კვოტით მოხვდნენ ბორდში, საინფორმაციო პოლიტიკში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში