მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო და აჭარის მაუწყებელში რჩება

25 თებერვალი 2020, 10:34 4070 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და რვასაათიანი გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ის მზადაა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდეს და იყო თოქ-შოუს პროდიუსერი და ასევე რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიც. 

ამის შესახებ განცხადება მაია მერკვილაძემ ტელევიზიის კანცელარიაში უკვე დატოვა. 

''მე გადავწყვიტე, ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსაფიქრებლად, მაგრამ მე ვფიქრობ სპეციალურად იყო ეს დრო ძალიან ცოტა, რომ ცხელ გულზე წასვლის გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ დავა ისედაც შემიძლია გავაგრძელო. ორივე ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ფორსირებული რეჟიმით აპირებენ ბრძოლას, ჩვენც გვაქვს ჩვენი გეგმა და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. როგორც ყველა მივხვდით, მათი მხრიდან არჩევანი ისეთი იყო შემოთავაზებული, არცერთი არ იყო ჩემი თანამდებობის ტოლფასი. მათ ჩემი აზრი არ გაუთვალისწინებიათ. მივანდე არჩევანი, რომელი ხელშეკრულებითაც უნდათ იმითი ამიყვანონ, თუნდაც ორივეთი, არ ვარ წინააღმდეგი. 

შემოთავაზებას დავთანხმდი, მაგრამ პარალელურ რეჟიმში გავაგრძელებთ ბრძოლას მაუწყებლის უკეთესი მომავლისათვის, აქ მე მარტო არ ვარ, არის ბევრი ადამიანი. საუბარია ალტერნატიულ პროფკავშირებზე. ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის დრო დადგა'' - უთხრა ჟურნალისტებს მაია მერკვილაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა. 

ხელშეკრულებას, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა.

19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება,  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში