აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადადის

24 თებერვალი 2020, 23:40 4986 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება,  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილი განცხადებით, გადაწყვეტილება მსჯელობის შედეგად მიიღეს და დოკუმენტაციის მომზადება დაიწყება. 

"სხდომაზე ვიმსჯელეთ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საგაფიცვო პროცედურები. მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტი, თანამშრომელთა შრომითი უფლებებისა და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის საფუძველზე" - ამბობს მალხაზ რეხვიაშილი.  

მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ის ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს სამართლიანობის აღსადგენად. მაია მერკვილაძის საშტატო ერთეული, აჭარის მაუწყებლის დირექტორის მიმართვისა საფუძველზე, მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის გადაწყვეტილებით,  19 თებერვალს გაუქმდა. სანაცვლოდ  მაია მერკვილაძეს დირექციამ საინფორმაციო სამსახურის დატოვება და პოლიტკური ტოქ-შოუს გაკეთება შესთავაზა, რომელიც წინასაარჩევნო დებატებს გულისხმობს.  

მაია მერკვილაძე ამბობს, რომ მას ტოლფასი პოზიცია არ შესთავაზეს, თუმცა რაც მთავარი იყო, ის ჩამოაშორეს საინფორმაციო პოლიტიკას. "პირველ რიგში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლებ, როგორ ვხედავ მე თავს მაუწყებელში, მე თავს ახალ ამბებში ვხედავ. შემომთავაზეს მე ისეთ თანამდებობა, რომელიც არ არის ტოლფასი იმ პოსტისა, რომელიც მეკავა მაუწყებელში. ალტერნატიული პროფკავშირები ვფიქრობთ, რომ საჭიროა დაიწყოს მკვეთრი საპროტესტო ფორმები. 

საინფორმაციო ხვალ ჩვეულებრივ რეჟიმში გავა ეთერში, რადგან გაფიცვას აქვს მისი პროცედურები და ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ არ დავაყენოთ ადამიანები და მაუწყებელი რისკების ქვეშ" - განაცხადა მაია მერკვილაძემ. 

რეგიონულ მაუწყებელში ერთი თვის წინ შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირები 80-მდე ჟურნალისტს აერთიანებს. მათი პროტესტი გამოიწვია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორისთვის, მაია მერკვილაძისთვის შრომითი ხელშეკრულების გაუქმებამ. ამ ფაქტს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე დღეს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუ რას შესთავაზებდა მაუწყებლის მენეჯმენტი ახალი ხელშეკრულებით. რადგან 24 თებერვალს ხელშეკრულებას, რომლითაც ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, გაუქმდა. ხელშეკრულების გაუქმება კი გამოიწვია მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებამ (სამი ხმით): 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალსიტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში