ამერიკის ახალი ელჩი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

31 იანვარი 2020, 19:20 683 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრა გამართა და დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საკუთარი საქმიანობის დაწყებას და ძალიან მოხარულია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით.

"ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო დისკუსია ამ ულამაზეს, განახლებულ შენობაში, რომელიც ერთდროულად იტევს საქართველოს და აშშ-ს ისტორიას.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ მრავალ საკითხზე, პროექტსა თუ ინიციატივაზე, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას პრეზიდენტთან, მთავრობასა და ქართველ ხალხთან იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირის გაძლიერებას მოიცავს.

რა თქმა უნდა, რამდენადაც შევძლებთ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთისა და სხვა საშიში მოთამაშეების მცდელობას, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში