ქობულეთში მოსაცდელების ნაწილი დაზიანებულია - ჩამსხვრეულია დამცავი მინები

24 იანვარი 2020, 21:50 748 ნახვა

ქობულეთში მოსაცდელების ნაწილი მოუწესრიგებელი და დაზიანებულია. ჩამსხვრეულია მინები, ნაწილი დაბზარეულია, ზოგს კი დამცავი შუშა საერთოდ არ აქვს.

მოქალაქეები ყვებიან, რომ მოსაცდელები დიდი ხანია ზედამხედველობის გარეშეა. 

''საშიშია, ბავშვი ან უფროსი, რომ შეეხოს შეიძლება ჩამოიშალოს და რამე დაიზიანოს. ამ გატეხილს ხომ ჯობია საერთოდ მოხსნან. მოუვლელობის გამო დისკომფორტს განვიცდით. შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ ამ პრობლემის მოგვარებაზე, რადგან ქობულეთი არის ტურისტული რეგიონი'', - უთხრა მაუწყებელს ქობულეთის მკვიდრმა. 

ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ცენტრალურ ქუჩაზე ამჟამად 33-მოსაცდელია, აქედან 14 შესამჩნევად არის დაზიანებული. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩაზე არსებულ მოსაცდელებს, გასულ წელს მხოლოდ 5 მოსაცდელი მოეწყო, რომელსაც ამჟამად დაზიანება არ აღენიშნება.

ერთ-ერთი მოსაცდელი, რომელიც მძიმედ არის დაზიანებული, ქობულეთის, პირველი საჯარო სკოლის სიახლოვეს მდებარეობს, სადაც სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.

მოსაცდელები, რომელიც დაახლოებით ოთხი წლის წინ მოეწყო, თვეში რამდენჯერმე ზიანდება. ხშირია ვანდალიზმის ფაქტებიც. 

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა კაიკაციშვილი ამბობს რომ მუნიციპალიტეტი მოსაცდელების რეაბილიტაციას ყოველწლიურად ახორციელებს, მაგრამ ხშირია ვანდალიზმის ფაქტები. ამ ეტაპზე ზარალის დათვლა და აღწერა მიმდინარეობს. 

''პარალელურ რეჟიმში საქმეზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. მოსაცდელების დაზიანების ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა ბოლო თვეებში. მანამდე არ იყო გატეხილი. მხოლოდ მცირე დაზიანებები შეინიშნებოდა, თუმცა ის რაც ახლა არის, ბოლო რამდენიმე დღის გაკეთებულია. დავალება გაცემულია და მოხდება აღდგენითი სამუშაოები. შუშები, რომელიც მძიმედ არის დაზიანებული, უახლოეს დღეებში მათი დემონტაჟი იგეგმება'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ზაზა კაიკაციშვილმა. 

მოსაცდელების მოვლა-შენახვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. როგორ უნდა მოხდეს პრევენციის გზების ძიება და ვანდალური ქმედების შემცირება? ამაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გვპასუხობს, რომ პრევენციის გზებს ვერ ხედავენ და მხოლოდ მოქალაქეებს მიმართავენ, ''არ დააზიანონ არსებული მოსაცდელები''.

ახალი მოსაცდელების მოსაწყობად 2019 წელს ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 16 000 ლარი დაიხარჯა.

მოსაცდელი დაზიანებულია ქობულეთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთანაც.

 

 

ავტორი: ლევან ურიდია

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი