Facebook: ყალბი გვერდები საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული

21 დეკემბერი 2019, 20:40 2899 ნახვა

"პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში უსამართლო თამაშის კიდევ ერთი ცუდი ნიშანი," - ასე ეხმაურება ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ქცევაში მხილებული გვერდების გაუქმებას.   ფეისბუქმა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში წაშალა. მათ შორისაა 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ''ინსტაგრამ'' ანგარიში. ფეისბუკის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ნათანაელ გლეიშერი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ  საიტები თავს ასაღებდნენ ახალი ამბების სააგენტოებად და პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიასაშუალებებს წარმოადგენდნენ. 

მათი გაუქმების მიზეზად  "კოორდინირებული არაავთენტური ქცევა" დასახელდა, რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. სოციალური ქსელის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, გვერდები საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული.

ორგანიზაციის ცნობით, 316 000 ამერიკული დოლარია დახარჯული ფეისბუკსა და ინსტაგრამზე ყალბი გვერდების რეკლამირებისთვის. "საშინელებაა, თუ სიმართლეა," - ასეთია აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, მრჩევლის თავდაცვის საკითხებში, მაიკლ კარპენტერის გამოხმაურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში