ბათუმის ბაღებში დღეს საქონლის ხორცი ვერ შეიტანეს - ვადაგასული ხორცის საქმე

09 დეკემბერი 2019, 13:57 1782 ნახვა

დღეს ბათუმის საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცი არ შეუტანიათ. ბათუმის ბაღების გაერთიანების სპეციალისტი კვების დარგში, ლია მუქია ამბობს, რომ ხორცის მიწოდება საბუთების გადამოწმების გამო დაგვიანდა.

''მანუჩარს დღესაც ჰქონდა ხორცი გამზადებული, მაგრამ ძალიან დაგვიანდა საბავშვო ბაღებში შეტანა, უკვე 12 საათი იყო.  სანამ დამარბილებელი, სანამ ის ყველაფერი გაიარა დრო გავიდა, ამიტომ დღეს საბავშვო ბაღებში ხორცის მიწოდება შევაჩერე.  დღეს, 12 საათზე შემოსული ხორცი სადილისთვის ვეღარ მოესწრება.  ჩემთანაც შენახვის ვადა არა მაქვს. მე არ შემიძლია საქონლის ხორცი 24 საათზე მეტი გავაჩერო. ამიტომ შპს ''მანუჩარი'' ხორცს  ხვალ დილით მოგვაწვდის. მე შემიძლია დაგასწროთ მიღებას, საბუთს და ყველაფერს. ასევე გაგაშუქებინოთ. დღეს კი, დაგვიანების გამო შევაჩერეთ ხორცის მიღება'' - ამბობს ლია მოქია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე ბაღის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მესამე ბაღში გვითხრეს, რომ დღეს მენიუში ხორციანი საკვები ჰქონდათ, მაგრამ მოხარშული კვერცხით და ყველით ჩაანაცვლეს.

''დაგვირეკეს გაერთიანებიდან და გაგვაფრთხილეს, რომ დღეს საქონლის ხორცს ვერ მოგვაწვდიდნენ. ამიტომ ალტერნატიული საკვებით მოვამზადეთ სადილი. ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა, რომელ დღეს რა საკვებს მოვუმზადებთ პატარებს. გვაქვს ქათმის ხორცის დღე, საქონლის წვნიანის და ა.შ.'', - გვითხრა მესამე ბაღის დირექტორმა.

გუშინ, 8 დეკემბერს, საღამოს სურსათის ერონული სააგენტოს თანამშრომლებმა, კანონით გათვალისწინებული ბეჭდის გარეშე აღმოაჩინა საქონლის ხორცი, რომელიც მათი მტკიცებით, ვადაგასული იყო. არ ჰქონდა კანონით გათვალისწინებული ბეჭედი, ხოლო ვადის განმსაზღვრელ ბარათზე მითითებული  იყო 4 ოქტომბერი.  

სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ მიიჩნია, რომ ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს ''სოფოს'' მიერ ნაქირავებ ფართში სავარაუდოდ ვადაგასული ხორცი იყო და საქონელი დალუქა. მათი მტკიცებით, ხორცი დღეისთვის, აჭარაში საბავშვო ბაღებში უნდა გაეტანათ. 

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ შპს "მანუჩარი" ამარაგებს ბაღებს ხორცით, რასაც ახლავს ფორმა 2, რაც სრულად უზრუნველყოფს ინფორმირებას - როდის დაიკლა ხორცი, როდის დარბილდა და რამდენი ხანი აქვს მოხმარების ვადა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში