28 დაკავებული და 3 დაშავებული - პოლიციამ ღამით აქცია წყლის ჭავლით დაშალა

26 ნოემბერი 2019, 08:30 2615 ნახვა

პარლამენტითან აქცია დილის 6 საათზე,  სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.   რობიკოპები, სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის ავტომობილები პარლამენტთან, დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდდნენ. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან.

"არაფერს ვარღვევდით, როცა პოლიცია გვეუბნებოდა მანიფესტაციის კანონის დარღვევაზე, ჩვენ ვიდექით ჩვენთვის და არ ვარღვევდით ამ კანონს. ეს იყო სრული უკანონობა. უცებ მოუნდა, დილის ხუთ საათზე, პარლამენტის შენობის წინ დასუფთავება. მოგვთხოვა პოლიციამ დაიშალეთო, თუმცა მოთხოვნა იყო უკანონო, რადგან ჩვენ არაფერს ვშვებოდით, უბრალოდ ვიდექით პარლამენტთან. ამის მიუხედავად დაგვშალეს, წყლის ჭავლები იმხელა ნაკადით ისროლეს, რომ ადამიანს თვალი კინაღამ ამოთხარეს. ამას ჰქვია დიქტატორული რეჟიმი, მთელი მსოფლიო ნახავს კადრებს, რომ არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და უკანონოდ ცდილობენ, რომ პარლამენტი გაწმინდონ, ფორმდება დიქტატურა და ჩვენი წინააღმდეგობა, ყველაზე დიდი დისკომფორტია ბიძინა ივანიშვილისთვის" - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

გვიან ღამით, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეებს ​9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩების მხრიდან პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინა. ღამის განმავლობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გზა სპეცრაზმს ავტობუსით ჰქონდა გადაკეტილი. სპეცრაზმი იმყოფებოდა პირველი სკოლის მხარესაც.

აქციის მონაწილეები და ლიდერები რუსთაველის გამზირის მხარეს, პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე იმყოფებიან.

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული.

აქციის დაშლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზის დასუფთავება დაიწყეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

 

 

  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში