პარლამენტის პიკეტირება არაკანონიერია, თუმცა პასუხისმგებლობა პროექტის ''ჩამგდებ'' დეპუტატებს ეკისრება - ლომჯარია 

18 ნოემბერი 2019, 09:14 1347 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირება არაკანონიერია, თუმცა ნინო ლომჯარია ასევე განმარტავს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა იმ დეპუტატებს ეკისრება, რომლებმაც კანონი ჩააგდეს და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.

''მედია მირეკავს და აინტერესებს ჩემი პოზიცია, რამდენად კანონიერია პარლამენტის შენობის პიკეტირება. რა თქმა უნდა, არ არის კანონიერი, კანონის წაკითხვა ყველას შეუძლია და ნახავს, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს.

უფრო დიდი უკანონობა ის მგონია, ხალხს უთხრა, ვისაც მხარს დაუჭერ, იმას პარლამენტში არ შევუშვებო, პარტიებს უთხრა, იმ რაოდენობით არ შეგიშვებ პარლამენტში, რა მხარდაჭერაც გაქვსო და შესაბამისად, როდესაც ოპოზიციას, ახალ პოლიტიკურ ძალებს არ აძლევ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას, არც ისინი შეგიშვებენ პარლამენტში.

პოლიტიკურ კრიზისს სწორედ მაჟორიტარული სისტემა ქმნის და ამის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ისტორია. მაჟორიტარებს კი თუ თვითმმართველობების პრობლემები აწუხებდათ, დეცენტრალიზაციის რეფორმა უნდა გაეტარებინათ, იმიტომ არიან ისინი პარლამენტში, რომ პოლიტიკური რეფორმები გაატარონ და არა იმიტომ, რომ გზები დააგონ, მილები ჩაყარონ, ან სკოლები არემონტონ'' - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სახალხო დამცველმა. 

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გუშინ, პარლამენტში შესასვლელ ყველა ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში