თუ გინდათ მაინც და მაინც ჩემზე გქონდეთ აგრესია, აგერ ვარ ბატონო - ქედის მერის მიმართვა აქციის მონაწილეებს

13 ნოემბერი 2019, 13:27 4367 ნახვა

ხულოს, შუახევისა და ქედის მოსახლეობა დღეს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. მოქალაქეები თუთუნზე რეგულაციების გამკაცრებას აპროტესტებენ.

შეკრებილებმა ქედის ცენტრიდან აქცია-მსვლელობით მერიის შენობისკენ გადაინაცვლეს. მათ მერი შეხვდა. 

ლევან გორგილაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე აღნიშნულ საკითხზე თბილისში შეხვედრას მართავს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყვეტილებას მოსახლეობის სასარგებლოდ მიიღებენ.  

''გამომდინარე იქედან, რომ გადაწყვეტილება ჩემს ხელში არ არის, პასუხისმგებელი მე ვერ გავხდები, მაგრამ ამ მიმართულებით ვმუშაობ და გავაგრძელებ მუშაობას,სხვა გამოსავალი არ მაქვს. რა გინდათ ახლა დაგპირდეთ, ყველაფერს გავაკეთებ და ვერაფერი გავაკეთო, ხვალ ისევ მოხვალთ. დეპუტატი არის და მუშაობს თბილისში. ორ საათზე არის შეხვედრა და ამბობს, რომ მოსახლეობის სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილება მიღებულიო... ამიტომ სანამ ის არ მეტყვის რამე კონკრეტულს მე ვერაფერს ვერ გპირდებით.

წელს მიღებულ თამბაქოს მოსავალს, როგორც არის იმ პირობებით გაიყიდება, ამაზე ზეპირი შეთანხმება მიღწეულია. ჩემს ხელში რაც არის, ესაა თქვენი ინფორმაცია სწორად მივიტანო მათთან, მე თუ ვერ მივიტან ამ პრეტენზიებს და მოთხოვნებს სწორად თქვენთან ერთად წამოვალ, მე მეტი რა შემიძლია? თუ გინდათ მაინც და მაინც ჩემზე გქონდეთ აგრესია, აგერ ვარ ბატონო.. მე რაც არ შემიძლია ვერ დაგპირდებით,''- უთხრა ქედის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მერმა.

აქცია ქედის მერიის შენობასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს, შეკრებილებმა ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. მოსახლეობა პარლამენტში შეხვედრის დასრულებას ელოდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში