მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა

07 ნოემბერი 2019, 10:08 2432 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ მინისტრის თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

''მინდა გაგაცნოთ, ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის, ბატონი მიხეილ ბატიაშვილის თხოვნა. პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, სპორტის და კულტურის მინისტრის. პირველ რიგში ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის რეფორმა და რა თქმა უნდა იმ მიღწევებისთვის, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა, როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით'' - განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი გახარიამ თქვა, რომ განათლების სისტემურ რეფორმას მეტ ყურადღებას დაუთმობენ. 

''ის პრინციპი, რომლესაც ჩვენ ერთხმად ვეთანხმებით სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობს გააგრძელებს ამ კუთხით ეფექტიან შრომას'' - ამბობს პრემიერ მინისტრი. 

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის პოსტზე 12 ივლისს დაინიშნა. მანამდე კი, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” რექტორი და ერთ-ერთი მეწილე იყო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში