მიდის ეპარქიიდან, სად არ აკონკრეტებს და სინოდის სხდომების პირდაპირ ეთერში ჩატარებას ითხოვს

03 ნოემბერი 2019, 18:30 1130 ნახვა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, წმინდა სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში ჩატარების ინიციატივით გამოდის.მისი მტკიცებით, მანამ არ შეწყდება ეკლესიის დისკრედიტაცია, სანამ სხდომა ღიად არ ჩატარდება.  საფუძვლად მეუფე პეტრე სიცრუეს და სასულიერო პირების ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ასახელებს. მეუფე პეტრემ ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ  ეპარქიას უახლოეს დღეებში ან საათებში დატოვებს და კომისიის მუშაობის დასრულებას არ დაელოდება. 

თუმცა სად მიდის არ უსაუბრია. დღეს, მარტვილის საკათედრო ტაძარში პირველი წირვა სწორედ ეპარქიის ახალმა მღვდელმთავარმა აღავლინა და იქადაგა. მეუფე გრიგოლმა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შეკრებილებს თანადგომისთვის მადლობა გამოუცხადა. 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრე ინჩხურის მონასტრის დათმობას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია პირველ ნოემბერს ჩავიდა  და მის წინამორბედს შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში