ჟენევის მოლაპარაკების 49-ე რაუნდის საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ მწვავეა- საგარეო საქმეთა სამინისტრო

10 ოქტომბერი 2019, 12:00 134 ნახვა

რაიმე ფუნდამენტური გარღვევა არ  მომხდარა და ამით ქართული მხარის მოლოდინიც შეიძლება ითქვას გამართლდა- განაცხადა  ჟენევის მოლაპარაკების 49-ე რაუნდის დასრულების შემდეგ  ლაშა დარსალიამ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მოლაპარაკების დღის წესრიგში იყო საკმაოდ მწვავე საკითხები, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარება, რომელსაც ახლავს ჰუმანიტარული პრობლემები, ასევე უსაფრთხოების საკითხები.  როგორც  ქართული მხარე აცხადებს  მაშინ როცა მოლაპარაკებათა მაგიდაზე იწყება საუბარი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებასა და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე, რუსეთი მოლაპარაკების პროცესს ტოვებს. ლაშა დარსალიას თქმით, რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, ამბობს, რომ ორივე მხარის ინტერესშია, პროცესი წავიდეს დეესკალაციისკენ. ამ მიმართულებით კი როგორც გაირკვევა დიალოგის გაგრძელებას მომდევნო რაუნდზეც უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის პოზიციას. რუსეთის წარმომადგენელმა  მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  აქამდე ჩატარებულ მოლაპარაკებებიდან რაიმე მნიშვნელოვანი რევოლუციური გარღვევა არ უგრძვნია. მათ შორის არც 49-ე რაუნდზეც.   განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.   უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან ერთად აქცენტი გააკეთა ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების შესათანხმებლად ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობაზე. რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნული განცხადების შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. განცხადებაში საუბარია ასევე საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება. ეს არის ერთადერთი ფორმატი როცა რუსეთს ეუთო, გაერო, ევროკავშირი და აშშ ს მთავრობა მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები და რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, მათ შოპრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ სრულდება.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი