თადუმაძეს დიპლომში უწერია სახელი, რომელიც უნივერსიტეტს 5 წლის შემდეგ მიანიჭეს - თინა ბოკუჩავა

09 ოქტომბერი 2019, 11:23 159 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია და მან კანდიდატურა უნდა მოხსნას. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებს დოკუმენტაცია წარადგინა და უთხრა, რომ შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებული სახელწოდება, უნივერსიტეტს 2003 წელს მიენიჭა. მთავარმა პროკურორმა კი სასწავლებელი 1998 წელს დაამთავრა. 

''მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს ადასტურებს: ეს არის 2003 წლის 5 დეკემბრის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ სწორედ 2003 წლის 5 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტს გადაერქვა სახელი და ის გახდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი. ახლა რა სახელია მითითებული შალვა თადუმაძის თითქოს 1998 წელს გაცემულ დიპლომში?! არა ის სახელი, რომელიც ამ დაწესებულებას 1998 წელს ერქვა, არამედ ის სახელი, რომელიც მას 5 წლის შემდეგ უნდა მინიჭებოდა. ანუ დიპლომის გამცემმა იცოდა წინმსწრებად, 5 წლის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით რა სახელი უნდა მინიჭებოდა ამ დაწესებულებას'' - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შალვა თადუმაძეს უმაღლესი იურიდიული განათლება შემოიფარგლება "ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში" სწავლით. ირკვევა, რომ  მან სასწავლებელში მაშინ ჩააბარა, როცა უნივერსიტეტი დაფუძნებული ჯერ კიდევ არ იყო.

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის თქმით, ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენა  სასწავლებელი ექსტერნად დამტავრებას უკავშირდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი