ხულო - ბათუმის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

22 სექტემბერი 2019, 17:17 1478 ნახვა

ხულო - ბათუმის მიმართულებით მოქალაქეებს ლარით მეტის გადახდა მოუწევთ. სამარშუტო ტაქსით გადადგილება ბათუმიდან ხულოს მიმართულებით აქამდე 5 ლარი ღირდა.  ხულოს ავტოსერვისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი  6  ლარი გახდა.

ხულოში მგზავრობის ტარიფებს შპს „ხულოს ავტოსერვისი“ არეგულირებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მგზავრობის ღირებულების ზრდა საწვავისა და სათადარიგო ნაწილების გაძვირებამ გამოიწვია.

„მაშინ როდესაც ძველი ტარიფი განვსაზღვრეთ საწვავის ღირებულება 1 ლარი 90 თეთრი იყო, ახლა 2 ლარი და 77 თეთრია.  გარდა ამისა გაძვირებულია სათადარიგო ნაწილებიც. სხვა გზა არ გვქონდა, მძღოლები ძველი ტარიფით მუშაობაზე უარს ამბობდნენ“- უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შპს „ხულოს ავტოსერვისის“ დირექტორმა ფრიდონ ბოლქვაძემ.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ საწვავის ფასის კლების შემთხვევაში მგზავრობის ფასიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

ხულოს მერიაში განმარტეს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ ფასების ზრდასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების შედეგად მოახერხეს ის, რომ შიდა სასოფლო მარშუტებზე ტარიფის გაზრდა აღარ მოხდება, ხულოდან ბათუმის და ბათუმიდან ხულოს მიმართულებით კი მოქალაქეებს 1 ლარით მეტის გადახდა მოუწევთ.

ხულო - ბათუმის მიმართულებით დღეში 32 რეისი სრულდება. კომპანიაში ამბობენ, რომ მგზავრთა სიმცირის გამო, დღის განმავლობაში 7-8 რეისი უქმდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში