ბეშუმში მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი ისევ გაეზარდათ

24 ივლისი 2019, 15:56 4645 ნახვა

კურორტ ბეშუმში დასასვენებლად წასული მოსახლეობა, ელექტრო ენერგიის ქსელში ჩასართავად, წინა წელთან შედარებით ათი ლარით მეტს გადაიხდიან. 

თუ ბეშუმში კერძო სახლი გაქვთ და სეზონზე იქ დასვენება გადაწყვიტეთ, ელექტროენერგიაც დაგჭირდებათ. მის ჩასართავად კი წელს უკვე 80 ლარის გადახდა მოგიწევთ. არა აქვს მნიშვნელობა რამდენ დღეს გაატარებთ კურორტზე და რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმართ. 

შუქის მიწოდების სქემაში არაფერი შეცვლილა ტარიფის გარდა. გასულ წელს მოქალაქეები 70 ლარს იხდიდნენ. 

''ჯერ 50 ლარი იყო გადასახადი, შემდეგ 60, 70 და ბოლოს 80 ლარი გახდა. ყოველწლიურად დავდივართ ბეშუმში ოჯახთან ერთად და 15 ან მაქსიმუმ 20 დღეს ვრჩებით, ამიტომ რეალურად ამდენს არ ვხარჯავთ. შეიძლება მაქსიმუმ 20 ლარის ელექტროენერგია დავხარჯოთ. აქ არ გვაქს ტექნიკა და გათბობითაც შეშის ღუმელით ვთბებით. ძალიან არასამართლიანია ეს ტარიფი. ბეშუმის ადმინისტრაცია ყოველ წელს ირწმუნება, რომ მრიცხველები დაიდგმება მაგრამ არაფერი. ამოვდივართ და ისევ იგივე მდგომარეობა. ამასთან ერთად გასულ წლებში ხშირად ითიშებოდა შუქი და საათობით უშუქოდ ვიყავით'' - ამბობს ინგა დუმბაძე

ადგილობრივ მთავრობაში ირწმუნებიან, რომ კურორტზე ელექტრომომარაგების საკითხი მოგვარდა, შესაბამისად გაიზრდა მოხმარება, რაც ტარიფზეც აისახა.

​''პროტესტი გამოთქვა მოსახლეობამ, მაგრამ შეღავათია ის, რომ ჩვენ ელექტროენერგიას მათ ყოველდღიურად მივაწვდით. გასულ წლებში იყო გათიშვის ხშირი შემთხვევები. ადგილობრივები სიცივეში და ცუდ ამინდში ვერ სარგებლობდნენ შუქით. წელს უკვე მსგავსი პრობლემები აღარ გვექნება, თუმცა აბონენტებს გაზრდილი თანხის გადახდა მოუწევთ ქსელში ჩასართავად. რაც შეეხება მოსახლეობის გამრიცხველიანებას, პროცესი დაწყებულია და სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის დასრულდება''- ამბობს ''კურორტ ბეშუმის'' დირექტორი.

,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ წელს კურორტზე შიდა ქსელი კომპანიის სახსრებით მოწესრიგდა. 160 ელექტროგადამცემი ბოძი დაიდგა და ძველი კაბელები შეიცვალა.  

''კურორტ ბეშუმში  მოსახლეობა ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს რეგისტრირებული აბონენტები არ არის. შესაბამისად კომპანია არ უზრუნველყოფს თითოეული მოსახლისგან მოსაკრებლის აღებას ან მათთვის თანხის რაოდენობის განსაზღვრას. ამ შემთხვევაში კომპანიასთან პასუხისმგებელია კურორტის ადმინისტრაცია, რომელიც ჩვენთან რეგისტრირებულია როგორც ,, კურორტი ბეშუმი“ და სწორედ ამ აბონენტის მიხედვით, რომელიც ერთ საერთო მრიცხველს წარმოადგენს ხდება ანგარიშსწორება, გადასახადის ამოღებას  ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-სგან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ადმინისტრაცია. კურორტი სარგებლობს საყოფაცხოვრებო მოხმარების მინიმალური ტარიფით რაც 14,2367 თეთრს შეადგენს'' - წერია კომპანიის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.

კურორტ ბეშუმში ტურისტული სეზონი ორი კვირის წინ გაიხსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში