სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, შენიშვნა მივეცი - ირაკლი შარაბიძე ბრალდებას პასუხობს

05 ივნისი 2019, 18:12 5506 ნახვა

საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსს პასუხობს. რექტორი ამბობს, რომ გოჩა ჩიტიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ შენიშვნა მისცა და ხმამაღლა ესაუბრა. შენიშვნა კი სამსახურეობრივ თემას უკავშირდებოდა, უფრო კონკრეტულად კი საზაფხულო სკოლის ორგანიზებას. 

''დღეს აკადემიაში ყოველკვირეული თათბირი  იყო, იხილებოდა მეზღვაურთა დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებები. ერთ-ერთი საკითხი იყო საზაფხულო სკოლა, რომლის დროსაც გვეწვევიან სტუდენტები. გოჩა ჩიტიძე სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსია, ამიტომ ის უფრო  ღრმად უნდა ყოფილიყო ამ საქმეებში გარკვეული და  მიიღო მონაწილეობა. როგორც სტუდენტების დახვედრაში, ასევე ღონისძიებებზე მათ განაწილებაში. რაზეც საერთოდ არ იყო ჩამოყალიბებული და მიიღო სიტყვიერი შენიშვნა. მე ვარ რექტორი და ამის უფლება მაქვს. პასუხისმგებელი ვარ და შემიძლია  თანამშრომელს შენიშვნა მივცე. სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ვადასტურებ. შეგიძლიათ კითხოთ იმათ, ვინც თათბირს ესწრებოდა.  ხმამაღალი საუბარი იყო, შენიშვნა მიიღო და მითითებები როგორ უნდა იმოქმედოს ამ  მიმართულებით'' - უთხრა მაუწყებელს ირაკლი შარაბიძემ.

ლექტორი ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

''გოჩა ჩიტიძისთვის ბოდიშის მოხდას ნაღდად არ ვაპირებ, ქალბატონებს ბოდიში მოვუხადე''.

ჟურნალისტის კითხვაზე: ქალბატონებს რატომ მოუხადა ბოდიში, საზღვაო აკადემიის მმართველმა ასე უპასუხა: ''ქალბატონები იყვნენ და იმიტომ, ხმამაღლა მომიწია საუბარი''. 

საზღვაო აკადემიის სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა,  დღეს, 5 ივნისს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ აკადემიის რექტორმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში