"ხელს არავის დავაფარებთ" - საკრებულოს თავმჯდომარე სექსუალური შევიწროების ფაქტზე 

22 მაისი 2019, 16:29 3691 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, სულიკო თებიძე ბსუ-ში ლექტორის მიერ, სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე კომენტარს აკეთებს. 

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ლექტორი, პარალელურად საკრებულოში მუშაობს. 

"ხელს არავის დავაფარებთ და სრული სიმკაცრით აგებს პასუხს" - უთხრა ჟურნალისტებს სულიკო თებიძემ. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ნებისმიერი სახის სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, მკაცრი რეაქცია ექნებათ, მკაცრ პასუხისგებაში კი იგულისხმება დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება და იმპიჩმენტი.

''ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, შევიწროებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან დაფიქსირდა იძულების ფაქტი. ჩვენ გამოძიების შედეგებს დაველოდებით. ხელს არავის დავაფარებთ, ვინ არ უნდა იყოს აგებს პასუხს. თუ თანამდებობის პირია დატოვებს თანამდებობა და დეპუტატის მანდატს'' - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ბათუმში მეორე კურსის სტუდენტმა ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანასაულა  და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.  

პროფესორს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა, დროებით შეუჩერა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ განრიდება ლექტორთან შეთანხმებით მოხდა, მანამ ვიდრე ვითარება საბოლოოდ არ გაირკვევა. პარალელურად, საკითხის შესწავლას სასწავლებლის ეთიკური საბჭო გეგმავს. ფაკულტეტის დეკანი ამბობს, რომ საქმისწარმოების დასაწყებად სტუდენტის წერილობით განცხადებას ელოდებიან.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში