"მაგ კაცის ლექციაზე გოგონები უკან დასხედითო" - სტუდენტი სექსუალურ შევიწროვებაზე ბსუ-ში

22 მაისი 2019, 15:00 5477 ნახვა

''არ გვსურს ამ ადამიანმა ჩვენთან ლექციები ჩაატაროს, თუ მოვა სემინარებს არ დავესწრებით'' - ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ასწავლის. თამთა სურმანიძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ მიმოწერის შესახებ მეგობრისგან გაიგო.

ლექტორი დღეს უნივერსიტეტში არ გამოჩენილა. პროფესორს სალექციო საქმიანობა დროებით შეუჩერეს.

"არ მოსულა და სავარაუდოდ, მომხდარიდან გამომდინარე არც იქნება. ისედაც გადატვირთული გრაფიკი აქვს და ლექციებზე და სემინარებზე ვერ დადის. ჩვენი აზრით დღეს არ მოვა. კომუნიკაცია რა თქმა უნდა გვქონდა, მეორე დღესვე მთელმა კურსმა გავიგეთ, მივაწვდინეთ ინფორმაცია დეკანს, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ესაუბრა რექტორს. გვინდა, არა მარტო ჩვენს კურსს მოშორდეს ასე ვთქვათ, არამედ უნივერსიტეტიდანაც გაუშვან. 

მიმოწერა, დაახლოებით ალბათ ერთი კვირა გრძელდებოდა. ასე ვთქვათ ინტიმური ფოტოების თხოვნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ლექტორის და სტუდენტის ურთიერთობა მოგეხსენებათ როგორია. სტუდენტს ვფიქრობ შეეშინდა იმიტომ, რომ შეიძლება ჩაეტოვებინა. ლექტორის მხრიდან ასეთი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ ალბათ შეეშინდა. 

კონკრეტულად ჩემთან მიმოწერა არ ქონია, მაგრამ მსმენია სხვა კურსელებისგანაც. ასევე მაღალკურსელებიც გვაფრთხილებდნენ, მაგ ადამიანის ლექციებზე გოგონები უკან დასხედითო," - აცხადებს თამათა სურმანიძე

ბათუმში ლექტორს მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.  

საკითხის შესწავლას უნივერსიტეტის ეთიკური საბჭო გეგმავს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში