დიალოგი ნელა მიმდინარეობს - მერი მეჩეთის მშენებლობაზე

14 მაისი 2019, 12:00 2275 ნახვა

ბათუმის მერი ამბობს, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობის თემაზე დაწყებული მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ლაშა კომახიძის თქმით, მხარეებს შორის მზაობა არის, თუმცა საკითხი რთულია.  

''საკითხები, რომელიც წამოიჭრება კომპლექსურია. ხშირად, მისი ერთი ხელის მოსმით გადაჭრა რთულია. მე არ ვიტყვი, რომ მუსლიმთა წარმომადგენლებისგან მზაობა არ არის, მაგრამ პროცესი ორივე მხრიდან საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ეს ცალმხრივი პროცესი არაა, ამისთვის მარტო მერიამ არ უნდა გააკეთოს ''რაღაც'', ბრჭყალებში ვსვამ ამ ''რაღაცას'', - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბათუმის მერმა. 

ლაშა კომახიძე კვლავ ფიქრობს, რომ პრობლემა სასამართლოსგან გვერდის ავლით, პირისპირ მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. დიალოგის რეჟიმში კი, მუსლიმების მაქსიმალური ჩართულობაა აუცილებელი. მერი არ მალავს, რომ საკითხის განხილვისას პრობლემებმაც იჩინა თავი. 

''მას შემდეგ, რაც პირველად შევთავაზე საკითხის სასამართლო დარბაზიდან დიალოგის, მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანა, ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა შეხვედრები, როგორ არ გვქონდა? არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულები. შეხვედრები ძალიან ნელა მიიწევდა წინ, გამომდინარე იქედან რა ტიპის პრობლემებმა წამოყო თავი. მე კვლავ ვფიქრობ, რომ სასამართლოებში საკითხის განხილვას, მხარეებს შორის აქტიური კომუნიკაცია სჯობია. იგივე იმედია მაქვს 21 აპრილს გადადებულ სასამართლოსთან დაკავშირებითაც'' - ამბობს მერი.

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა. მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს.

მათ ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი იცავს. 

სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა.

ბათუმის მერიამ უკვე მეორედ მოითხოვა, სხდომის გადადება და საკითხის დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში